თეგებით ძიება
08. 01. 2024 მსოფლიო

რუსები ადგილობრივის შემდეგ ყველაზე ხშირად ქართულ ღვინოს მოიხმარენ

რუსები ადგილობრივი წარმოების რუსული ღვინის შემდეგ ყველაზე ხშირად ქართულ ღვინოს მოიხმარენ. ამის შესახებ ღვინის სკოლა LenWine-ის კვლევაში წერია, რომელმაც გამოკითხვა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტის სამომხმარებლო ბაზრის განვითარების ცენტრის მხარდაჭერით ჩაატარა.

LenWine-ის ამოცანა რუსეთში ღვინის მოხმარების კულტურის თავისებურებების გარკვევა იყო. აღსანიშნავია, რომ ქვეყნების ჩამონათვალში მესამე პოზიციაზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონი, აფხაზეთი ცალკე არის დასახელებული.

კვლევის მიხედვით, ქვეყნები, რომლის ღვინოსაც რუსები ყველაზე ხშირად ყიდოლობენ და მოიხმარენ, ასეთია:

რუსეთი - 55%

საქართველო - 22%

აფხაზეთი (საქართველო) - 17%

იტალია - 12%

საფრანგეთი - 11%

აფხაზეთს ჩათვლით საქართველოს მთლიანი მაჩვენებელი 39%-ია, რაც იტალიისა და საფრანგეთის ერთობლივ მაჩვენებელზე, ანუ 23%-ზე გაცილებით მეტია.

გამოკითხვა გასული წლის 30 ოქტომბრიდან 6 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდა. კველვის ავტორებმა 100 ათასზე მეტი მოსახლეობის მქონე ქალაქებში მცხოვრები 18-დან 60 წლამდე ასაკის 1,2 ათასი რესპონდენტი გამოკითხეს. ასევე, მოსკოვში ორი „ოფლაინ“ ფოკუს-ჯგუფი შეიქმნა, რომლის 30-50 წლის ასაკის მონაწილეებიც ღვინოს სხვადასხვა ფასების კატეგორიაში ყიდულობდნენ.

გამოკითხულთა 23% ღვინოს თვეში რამდენჯერმე, 20% ექვს თვეში ერთხელ, 19% თვეში ერთხელ, ხოლო 17% კვირაში ერთხელ სვამს.

ამსთან, რუსი მომხმარებლები ყველაზე ხშირად წითელ (60%) და თეთრ ღვინოს (22%) ირჩევენ. ცქრიალა ღვინოს გამოკითხულთა 15%, ვარდისფერს კი 3% ყიდულობს. არჩევანზე სასმელის სიტკბოს ხარისხიც ახდენს გავლენას. კერძოდ, ნახევრადტკბილი უპირატესობის რეიტინგში 65%-ით პირველ ადგილს იკავებს. შემდეგ ყველაზე პოპულარული მშრალი ღვინოა, რომელიც 28%-ით მეორე ადგილზეა, ხოლო მესამე ადგილზე 17% ნახევრადმშრალი ღვინოა.

რაც შეეხება ფასებს, რუსების 44% მზად არ არის 800 რუბლზე (8,80 დოლარზე) ძვირი ღვინო შეიძინოს.

კერძოდ, გამოკითხულთა 2% მზად არის, 0,7-ლიტრიან ბოთლში 300 რუბლამდე (3,30 დოლარამდე), 9% კი 300-დან 499 რუბლამდე (3,30-დან 5,50 დოლარამდე) გადაიხადოს. ამასთან, 33% მზად არის, 0,7-ლიტრიან ბოთლ ღვინოში 500-799 რუბლი (5,50-8,80 დოლარი), ხოლო 32% 800-დან 1200 რუბლამდე (8,80-დან 13 დოლარამდე) გაიღოს. გამოკითხულთა, თითქმის, მეოთხედი (24%) მზად არის, შეიძინოს ღვინო, რომლის ღირებულებაც 1200 რუბლი (13 დოლარი) ან მეტია. ფოკუს ჯგუფის მონაწილეების აზრით, მეტად დაბალმა ფასმა შესაძლოა, სასმელის ხარისხთან დაკავშირებით ეჭვი გააჩინოს.

წყარო : bpn.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა