ლიეტუვა უცხოელების დასაქმების წესს ამკაცრებს
ლიეტუვაში უცხოელების დასაქმების პროცედურა მკაცრდება. ინფორმაციას ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, „ბოლო პერიოდში შეიმჩნევა ტენდენცია, როცა ახლად დარეგისტრირებული, მაგრამ არააქტიური კომპანიები უცხოელებისთვის ბინადრობის ნებართვას ითხოვენ, რომელთა დასაქმებასაც თითქოსდა აპირებენ, სინამდვილეში კი ეს პირები სხვა სამეურნეო სუბიექტებში გადაჰყავთ.“
ამდენად, ახალი პროცედურის მიხედვით, ფიქტიური საქმიანობის დადგენის ან საერთოდ რაიმე საქმიანობის არარსებობის შემთხვევაში კომპანიები ლიეტუვაში ექვსი თვის განმავლობაში უცხოელებს სამუშაოდ ვეღარ მიიწვევენ.
ისინი, ასევე, უცხოელი მუშახელისთვის ბინადრობის ნებართვის მისაღებად განაცხადს ვეღარ წარადგენენ.