თამბაქოს მოხმარება-რეალიზაციის მოთხოვნების შესრულებაზე 7 ათასი დაწესებულება შემოწმდება
მთავრობამ 2024 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ დადგენილება გამოსცა. დოკუმენტში საუბარია თამბაქოს კონტროლის გაძლიერების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე.
თამბაქოს კონტროლის გაძლიერების კომპონენტის მიზანია, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება თამბაქოს საკითხებზე (თამბაქოსა და მეორადი კვამლის მავნეობა, ნიკოტინის მიწოდების ელექტრონული სისტემები და თამბაქოს ახალი ტიპის გახურებადი ნაწარმი, ჩილიმი, თამბაქო და გარემო), თამბაქოს მოხმარების აკრძალვის/შეზღუდვის საკანონმდებლო რეგულაციების შესახებ და სამოქალაქო მობილიზაციის გაზრდა; თამბაქოს შესახებ არსებული კანონმდებლობის აღსრულების ხელშეწყობა (მ.შ. უკანონო ვაჭრობის მონიტორინგი) და თამბაქოს მოხმარების შეწყვეტისათვის დახმარების გაუმჯობესება.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, კომპონენტით გათვალისწინებულია მათ შორის შემდეგი ღონისძიებები:
თამბაქოსათვის თავის დანებების მსურველთათვის „ცხელი ხაზის“ მეშვეობით სატელეფონო კონსულტაციების განხორციელება; კონსულტაციის შემდგომი მონიტორინგი თამბაქოსათვის თავის დანებების გაუმჯობესების მიზნით;
თამბაქოს მოხმარების აკრძალვის დანერგვის ობსერვაცია, რაც მოიცავს იმ სამიზნე დაწესებულებების დათვალიერებას (თამბაქოს ნამწვის, ფერფლის, მწეველობის პროცესის ან კვამლის აღმოჩენის მიზნით), სადაც კანონის შესაბამისად აკრძალულია მოწევა. საუბარია, მინიმუმ 4 000 დაწესებულებაზე. აქედან 100 დაწესებულებაში მონიტორინგის მიზნებიდან გამომდინარე მოხდება მეორადი კვამლის გაზომვა (მცირე ნაწილაკების გაზომვის ჰაერის მონიტორის საშუალებით);
თამბაქოს ნაწარმის ვაჭრობის ქსელის მონიტორინგი – 3 000 სავაჭრო ობიექტში თამბაქოს ნაწარმის ვაჭრობის, აგრეთვე თამბაქოს რეკლამის და პოპულარიზაციის მონიტორინგი კითხვარის დახმარებით; უკანონო ვაჭრობის მონიტორინგი;
მოწევის აკრძალვის მონიტორინგი ტრანსპორტში (საქალაქო და საქალაქთაშორისო, მ.შ. რკინიგზა);
რეკლამის მონიტორინგი (ტელევიზია, რადიო, ჟურნალ-გაზეთები, ინტერნეტი) და რეკლამის მონიტორინგი ქუჩებში.
ჯამში, თამბაქოს კონტროლის გაძლიერების გასატარებელ ღონისძიებებზე 600 ათასი ლარის დახარჯვაა გათვალისწინებული.
წყარო : bpn.ge