ვინ არის მარნეულში ძაღლზე მოძალადე კაცი და კიდევ რა დანაშაულზე საუბრობენ ადგილობრივები? (ვიდეო)
ძაღლზე ძალადობის უმძიმესი შემთხვევა მარნეულში - სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც კარგად ჩანს, თუ როგორ სასტიკად უსწორდება და კლავს შინაურ ცხოველს მისივე პატრონი. შემთხვევა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჩაღანში მოხდა.
ფაქტს ადგილობრივი მოსახლეობისა და ცხოველთა უფლებადამცველების პროტესტი მოჰყვა. პოლიციის ადგილობრივ განყოფილებასთან ხმაურის შემდეგ სამართალდამცველებმა ძაღლზე მოძალადე მამაკაცი დააკავეს. სოფელში კი ყვებიან, რომ დაკავებული არიფ გოიუშოვი წარსულში არასრულწლოვნის მიმართ სექსუალურ ძალადობაშიც იყო ეჭვმიტანილი, თუმცა საქმის კურსში იყო თუ არა ამ ფაქტზე პოლიცია, უცნობია. არსებული ინფორმაციით, მოძალადე კაცს ბავშვის ახლობლები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
"კი გავიგეთ რომ ძაღლზე იძალადა ამ კაცმა, როგორ შეიძლება ძაღლზე მასე იძალადო და აწამო? ზიანს გაყენებს სახლიდან მოაშორე რატომ აწამებ? ამის გარდა გავიგეთ რომ არასრულწლოვან გოგოზე სექსუალური შევიწროება ჰქონდაო და არ ვიცი ზუსტად რა როგორ მოხდა." - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
ძაღლზე ძალადობისთვის შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას, მისდამი სასტიკ მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.