რა ღირს სახელისა და გვარის შეცვლა საქართველოში
საქართველოს მოქალაქეს, აგრეთვე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს, რომლის დაბადება რეგისტრირებულია საქართველოში, უფლება აქვს შეიცვალოს როგორც სახელი, ისე გვარი.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, სახელისა თუ გვარის შეცვლის შემდეგ, პირს მონაცემი ეცვლება, ხოლო დაბადების რეგისტრაციის მომენტიდან მისთვის მინიჭებული პირადი ნომერი, უცვლელი რჩება.
აღსანიშნავია, რომ სრულწლოვან პირს უფლება აქვს, საკუთარი სურვილისამებრ შეიცვალოს სახელი, ასევე გვარი მხოლოდ ერთხელ, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
პირს შეუძლია შეიცვალოს გვარი და მიიღოს:
მშობელთა შეერთებული გვარი;
პირდაპირი აღმავალი შტოს ერთ-ერთი ნათესავის (მეოთხე თაობის ნათესავების (ბებიის/პაპის ბებიისა და პაპის) ჩათვლით) გვარი;
საკუთარი გვარისა და პირდაპირი აღმავალი შტოს ერთ-ერთი ნათესავის გვარის გაერთიანების შედეგად მიღებული გვარი;
ფაქტობრივი აღმზრდელის გვარი;
მშვილებლის გვარი;
ქორწინებამდელი გვარი, თუ ქორწინების შეწყვეტისას მას არ დაუბრუნებია ეს გვარი;
მამის გვარი, მამობის დადგენისას;
ისტორიული გვარი,
სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ მისთვის მინიჭებული გვარი.
ასევე, დაინტერესებულ პირს შეუძლია: აღიდგინოს ისტორიული გვარი, მოახდინოს მისი გვარის კანონიერად აღიარება, დაიდგინოს გვარი.
სახელის შეცვლა შესაძლებელია დაინტერესებული პირის სურვილისამებრ. თუმცა, სახელის შეცვლა დაუშვებელია, თუ განმცხადებელი სახელად ირჩევს ციფრებს, სასვენ ნიშნებს, გეომეტრიულ ფიგურებს, გრაფიკულ გამოსახულებებს, სიმბოლოებს, უცენზურო ან შეურაცხმყოფელ სიტყვებს ან მრავალწევრიან (ორზე მეტი სახელისაგან შემდგარ) სახელს.
ასევე დაუშვებელია თუ: ეს პირი დანაშაულის ჩადენაშია ეჭვმიტანილი და იძებნება საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ. ასევე, განხორციელდა დაინტერესებული პირის დეპორტაცია ან რეადმისია საქართველოში და დეპორტაციის/რეადმისიის განხორციელებიდან 5 წელი არ გასულა; დაინტერესებული პირის წინააღმდეგ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა, მათ შორის, თუ ეს პირი იძებნება საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების ან საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციის (ინტერპოლის) მიერ, ამ გარემოების აღმოფხვრამდე.“.
სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს ინფორმაციით, გვარის შეცვლის/გვარის დადგენის/გვარის კანონიერად აღიარების შესახებ განცხადების განხილვის დროს საჭიროა ზეპირი მოსმენის ჩატარება. ამასთან, განცხადება განუხილველი დარჩება, თუ, შეტყობინების მიღების მიუხედავად, დაინტერესებული პირი არ გამოცხადდება სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურში ზეპირ მოსმენაში მონაწილეობისათვის.
რაც შეეხება მოწმობის გაცემის ვადას და ღირებულებას, განსაზღვრულია 60 კალენდარული დღე, ფასი კი 75 ლარია
როგორც სახელის, ისე გვარის შეცვლის რეგისტრაციის მოთხოვნით პირს შეუძლია მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალს ან იუსტიციის სახლს.
წყარო : bpn.ge