ნიკოლოზ სამხარაძე რობინ დანიგანს შეხვდა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა.
მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულ ურთიერთობებზე, მათ შორის საპარლამენტო თანამშრომლობის განვითარებისა და გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
შეხვედრისას მიმოიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები. ნიკოლოზ სამხარაძემ ხაზი გაუსვა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ მძიმე ვითარებას და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ელჩს ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 9 ნაბიჯის შესრულებასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ წარმოდგენილი გეგმისა და სამომავლო ნაბიჯების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ელჩთან შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხი. ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, რომ ნატო-ში ინტეგრაცია არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი.
მხარეებმა საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგზე, შიდაპოლიტიკურ ვითარებაზე, მიმდინარე აქტუალურ მოვლენებსა და 2024 წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრეს.