თეგებით ძიება

ყოველდღიურად მონიტორინგს ვუწევთ როგორც ონკოლოგიური, ასევე ნებისმიერი მედიკამენტის ბრუნვას ფარმაცევტულ ბაზარზე - ზურაბ აზარაშვილი

ფარმაცევტულ კომპანიებს შეუძლიათ, სასამართლოში გაასაჩივრონ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება, თუმცა ფაქტია, რომ მედიკამენტებთან დაკავშირებით იყო შეთანხმებული ქმედება კომპანიებს შორის, რათა ხელოვნურად გაზრდილი ფასების საფუძველზე, ბიუჯეტიდან მომხდარიყო გაცილებით მეტი თანხის გადახდა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განუცხადა.

აზარაშვილის თქმით, კომპანიებმა კონკურენციის სააგენტოში ვერ წარადგინეს ვერანაირი არგუმენტი, რაც სააგენტოს განსხვავებული მსჯელობის შესაძლებლობას მისცემდა.

„რასაკვირველია, შეუძლიათ, გაასაჩივრონ სასამართლოში და ამტკიცონ თავიანთი სიმართლე, თუმცა ფაქტი საკმაოდ ცხადი, მკაფიოა, სადაც კონკრეტულად ვხედავთ იმ შეთანხმებულ ქმედებებს, რაც, სამწუხაროდ, ამ კომპანიებს შორის იყო ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული, ხელოვნურად გაზრდილი ფასების საფუძველზე ბიუჯეტიდან რომ მომხდარიყო გაცილებით მეტი თანხის გადახდა. ზოგ შემთხვევაში ნახეთ, რომ სამჯერ და ოთხჯერ უფრო იყო გაძვირებული მედიკამენტები. სამწუხაროდ, ეს პაციენტები რჩებოდნენ მედიკამენტების გარეშე, რადგან ნაადრევად ხდებოდა ლიმიტების ამოწურვა. შესაბამისი რეაგირებაც მოჰყვა კონკურენციის სააგენტოს მხრიდან კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რაც წარმოვადგინეთ კონკურენციის სააგენტოში ჯერ კიდევ გასული წლის მარტის თვეში. ასევე, ძალიან ცხადია, რომ ვერანაირი არგუმენტი ვერ იქნა წარმოდგენილი ამ კომპანიების მხრიდან კონკურენციის სააგენტოში, რაც კონკურენციის სააგენტოს მისცემდა განსხვავებული მსჯელობის შესაძლებლობას. ასეთი ფაქტი, სამწუხაროდ, საბოლოოდ დადასტურდა. მკაცრი რეაგირების შემდეგ, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს ქვეყანაში ასეთი ფაქტი აღარ განმეორდება, თუმცა მაქსიმალურად ყურადღებით ვართ. ამისთვის სპეციალური ბაზებიც კი გვაქვს შექმნილი. ყოველდღიურად მონიტორინგს ვუწევთ როგორც ონკოლოგიური, ასევე ნებისმიერი მედიკამენტის ბრუნვას ფარმაცევტულ ბაზარზე, აგრეთვე მათ ნაშთებს ხელოვნური დეფიციტის არშექმნის მიზნით, რომ მოვახდინოთ ამის პრევენცია.

ონკოლოგიურ მედიკამენტებს რაც შეეხება, ონკოლოგიური მედიკამენტებით უზრუნველყოფის ვალდებულებას უკვე ეტაპობრივად, ამ წლიდან სახელმწიფო იღებს მთლიანად. მწარმოებლებთან პირდაპირი კონტრაქტებით ჩვენ შევძელით, რომ გარკვეულ მედიკამენტებს უკვე იანვრიდან მივაწვდით პაციენტებს“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, ფარმაცევტულ სექტორში, 4 კომპანია კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედების გამო დააჯარიმა. საკითხი ეხება - ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის (შეთანხმებული ქმედება) დარღვევის ფაქტს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა