„დღეს ნიღაბი არავის უკეთია, შეიძლება ითქვას, რომ „აიშვეს“ და ვირუსებიც „ჩვეულ ადგილს“ ამიტომ დაუბრუნდა“ - პაატა იმნაძე
„სისუსტე, სახსრების ტკივილი, მაღალი ტემპერატურა – გრიპის ვირუსით გამოწვეულ სიმპტომებს სულ უფრო მეტი ადამიანი უჩივის“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძე განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ბოლო 2 კვირაა, ქვეყანაში გრიპის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა გაორმაგდა.
როგორ იმნაძემ აღნიშნა, პარალელურად პედიატრები კლინიკებში გრიპის და გრიპისმაგვარი ვირუსებით ინფიცირებული ბავშვების მომართვიანობის გაზრდილ მაჩვენებელზე საუბრობენ.
„ქვეყანაში ჩვენ მუდმივი მეთვალყურეობა გვაქვს 21 სახეობის ვირუსზე. ბოლო კვირის მონაცემებით, ახლა ძირითადად ცირკულირებს „ა“ ტიპის გრიპის ვირუსი, რომლის პროცენტული მაჩვენებელი 40-ზე მეტს შეადგენს.
ძირითადად, ეს არის H1N1 ვირუსი (ე.წ. ღორის გრიპი) რომელიც ე.წ. პანდემიური ვირუსია, მან 2009-2010 წლების პანდემია გამოიწვია, ახლა ის სეზონური ვირუსის სახით არის ჩამოყალიბებული. მცირე რაოდენობით ფიქსირდება H3-ც, რომელიც ასევე პანდემიური ვირუსი იყო.
ცირკულირებს რესპირატორულ-სინციტიური ვირუსიც, რომლის მაჩვენებელი საკმაოდ ბევრია, 20%-მდეა. შესაძლოა, რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი ბავშვებში მძიმედ მიმდინარეობდეს.
რაც შეეხება დღეს არსებულ ვითარებას, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. წინა წლებში კორონავირუსი იყო წამყვანი, ეს ვირუსებიც არსებობდა, თუმცა პირბადის ტარება იცავდა მათგან მოსახლეობას.
დღეს, სამწუხაროდ, ნიღაბი არავის უკეთია. შეიძლება ითქვას, რომ ახლა „აიშვეს“ და ზამთრის პერიოდში ჩვეულ ადგილს დაუბრუნდა ეს ვირუსები, რომლებიც 2 წელი არსად ჩანდა“.