პირადი ხარჯების გაწევის შესახებ ბრძანება არასდროს მიმიღია - თემურ მღებრიშვილი
პირადი ხარჯების გაწევის შესახებ მე მსგავსი ბრძანება არასდროს მიმიღია, - ამის შესახებ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილმა უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოში იმ პროცესის გადადების შემდეგ განუცხადა, რომელზეც ის უნდა დაეკითხათ.
მისივე თქმით, „ყოველთვის კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებდა“.
„გამოვრიცხავ. ჩემს დროს მსგავსი არაფერი მომხდარა. სამსახურში ჩემს ხელმძღვანელად ყოფნის პერიოდში მსგავსი დოკუმენტი არ გამიცია, პირადი ხარჯები არ გაიწეოდა. რა კითხვა ექნება დაცვის მხარეს, წინასწარ არ ვიცი. აქედან გამომდინარე, ვერაფერს გეტყვით. კომპეტენციის ფარგლებში ვმოქმედებდი და დღესაც ასე ვმოქმედებ. პირადი ხარჯების გაწევის შესახებ მე მსგავსი ბრძანება არასდროს მიმიღია. მსგავს დოკუმენტზე ხელი არ მომიწერია. შემდეგ პროცესზე, რასაკვირველია, მოვალ“, - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.
ცნობისთვის, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო. დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი თემურ მღებრიშვილი უნდა დაეკითხათ.