თეგებით ძიება
10. 01. 2024 მსოფლიო

საქართველოს ეკონომიკური ზრდის დინამიკა კლებას განაგრძობს - მსოფლიო ბანკის პროგნოზი

მსოფლიო ბანკი გასულ 2023 წელს და მომდევნო 2024-2025 წლებშიც საქართველოს მშპ-ის ზრდის შენელებას პროგნოზირებს. ამის შესახებ მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში - Global Economic Prospects-ში წერია.

კერძოდ, გასული წლის შედეგებით, მსოფლიო ბანკი ქვეყნის მშპ-ის 6,5%-იან ზრდას პროგნოზირებს, რაც ზედიზედ მესამე წლიური კლებაა: 2021 წელს ეკონომიკური ზრდა 10,5%-ს, 2022 წელს კი 10,4%-ს შეადგენდა. ამასთან, ბანკის პროგნოზით, მშპ-ის ზრდა მიმდინარე და მომავალ წელსაც შენელდება. კერძოდ, 2024 წელს საქართველოს მშპ მხოლოდ 4,8%-ით, ხოლო 2025 წელს 4,5%-ით გაიზრდება.

თუმცა ამ მონაცემებით საქართველო სამხრეთ კავკასიისა და რეგიონის ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა და გასული წლის საპროგნოზო მაჩვენებლით მას მხოლოდ სომხეთი უსწრებს. კერძოდ, მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2023 წლის შედეგებით სომხეთის მშპ-ის ზრდა (2022 წლის 12,6%-ის შემდეგ) 7,1%-ს, 2024 წელს 4,7%-ს, ხოლო 2025 წელს 4,5%-ს შეადგენს.

სხვა ქვეყენების მშპ-ის ზრდის დინამიკა ასეთია:

აზერბაიჯანი - 2022 წელს 4,6%, 2023 წელს 1,5%, 2024 წელს 2,4%, 2025 წელს 2,5%

თურქეთი - 2022 წელს 5,5%, 2023 წელს 4,2%, 2024 წელს 3,1%, 2025 წელს 3,9%

რუსეთი - 2022 წელს მინუს 2,1%, 2023 წელს 2,6%, 2024 წელს 1,3%, 2025 წელს 0,9%

უკრაინა - 2022 წელს მინუს 29,1%, 2023 წელს 4,8%, 2024 წელს 3,2%, 2025 წელს 6,5%

ზოგადად, სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკი 2024-2025 წლებში ეკონომიკური ზრდის სტაბილურ შენარჩუნებას 3.3%-ის დონეზე პროგნოზირებს. ამასთან, ბანკი რეგიონის ქვეყნებში რუსეთიდან ფულადი გზავნილების შედინების შემდგომ განტვირთვას მოელის, ხოლო რეექსპორტი და ტურიზმი ეკონომიკური აქტივობის მხარდაჭერას გააგრძელებენ. თუმცა გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდა შემცირდება სასაქონლო დამოკიდებულების, სატრასპორტო კავშირისა და ლოგისტიკის სისუსტის, ასევე, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის შესაძლო გეოპოლიტიკური დაძაბულობის გამო.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, გლობალური ეკონომიკური ზრდა 2023 წლის შედეგებით 2.6%-ით არის მოსალოდნელი, რაც წინა შეფასებასთან შედარებით 2.1%-ით გაუმჯობესდა. თუმცა 2024 წელს მსოფლიო ეკონომიკური ზრდა 2,4%-მდე შენელდება, 2025 წელს კი დაბალი ინფლაციისა და მონეტარული პოლიტიკის შერბილების ფონზე 2,7%-მდე ოდნავ აღდგება. მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2020-დან 2024 წლამდე დაფიქსირებული გლობალური ეკონომიკური ზრდა ათწლეულის ყველაზე სუსტი დასაწყისია ბოლო 30 წლის განმავლობაში.

წყარო : bpn.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა