ამერიკელი, რომელმაც სასჯელის ასარიდებლად სიკვდილი გაითამაშა, ციხეში გადაიყვანეს
ძებნილი ამერიკელი, ნიკოლას როსის სახელით ცნობილი დამნაშავე, რომელმაც გაუპატიურების ბრალდებაზე სასჯელის ასაცილებლად საკუთარი სიკვდილი გაითამაშა და ქვეყნიდან გაიქცა, იუტას ციხეში გადაიყვანეს. ის აშშ-ს შოტლანდიამ გასულ კვირას გადასცა.
პროკურორების თქმით, როსმა, რომლის იურიდიული სახელიც ნიკოლას ალახვერდიანია, 2008 წელს ორემში, იუტას შტატში 21 წლის ქალი გააუპატიურა. დანაშაულის ჩადენაში მასზე ეჭვი მხოლოდ ათწლეულის შემდეგ, დნმ-ის ნიმუშზე ლაბორატორიული კვლევის ჩატარების შედეგად მიიტანეს.
როსის წინააღმდეგ გამოძიება გაუპატიურების კიდევ ერთ საქმეზე მიმდინარეობს. პროკურორების თქმით, მან კამათის შემდეგ თავის ყოფილ შეყვარებულზე სექსუალურად იძალადა. ეს შემთხვევაც 2008 წელს მოხდა.
ამასთან, მის წინააღმდეგ ოჯახში სავარაუდო ძალადობაზე, სექსუალურ ძალადობასა და თაღლითობაზე როდ აილენდსა და ოჰაიოში რამდენიმე საჩივარია შესული.
ნიკოლას როსმა თავისი სიკვდილი 4 წლის წინ გაითამაშა. ინტერნეტში გამოქვეყნებულ ნეკროლოგში მითითებულია, რომ ის 2020 წლის 29 თებერვალს დაიღუპა. მომდევნო წელს დამნაშავე შოტლანდიაში, გლაზგოს საავადმყოფოში, COVID-19-ის მკურნალობისას გამოააშკარავეს. ის ამტკიცებდა, რომ ირლანდიელი ობოლი, არტურ ნაითი იყო და აშშ-ში არასდროს უმოგზაურია.