"გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში" - ძაღლის მკვლელობისთვის დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს (ვიდეო)
მარნეულში ძაღლის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი წაუყენეს. დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს. მისი ოჯახის წევრები, რომლებიც თვალს ადევნებდნენ ცხოველის წამებას და არაფერი მოიმოქმედეს უმწეო ძაღლის გადასარჩენად, ჯერჯერობით, მოწმის სტატუსით იკითხებიან.
მუხლი, რომლითაც 50 წლის მამაკაცი გასამართლდება, სხვადასხვა ზომის სასჯელს ითვალისწინებს: ჯარიმა, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, შინაპატიმრობა ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთა ორ წლამდე.
საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს საღამოს დაიწყო. პროკურატურამ ჩათვალა, რომ არიფ გოიშოვი საზოგადოებისთვის საშიშია და მისი პატიმრობა მოითხოვა. ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.
ბრალდებულის ადვოკატი სულეიმან ისმაილოვი გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებს და ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს არ აღიარებს.
"სასამართლომ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება. გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები. რა თქმა უნდა, ჩვენ გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში. თვითონ დაკავებული ბრალდებული არ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს," - აცხადებს ადვოკატი.
საქმის პროკურორი თორნიკე კაპანაძე აცხადებს, რომ დაკავებულის დანაშაული უტყუარად დასტურდება მოწმეთა ჩვენებებითა და ვიდეომასალით, რომელიც დანაშაულს ასახავს.
"სასამართლომ სრულად გაიზიარა ის საფუძვლები, რომლებიც ბრალდების მხარემ წარმოადგინა სასამართლოს სხდომაზე, რომ ბრალდებულის მხრიდან არსებობდა როგორც მიმალვის, ისე ახალი დანაშაულის ჩადენისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. ბრალდების მხრიდან სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი იქნა დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით ყველა ის მტკიცებულება, რომელიც, ერთობლიობაში, ქმნის ბრალდებულის მიერ შესაძლო ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას. სასამართლო სხდომაზე სრულად იქნა განხილული ის ფაქტობრივი გარემოებები - მოწმეთა ჩვენებები, ვიდეომასალის დათვალიერების ოქმები, რომელიც უტყუარად ადასტურებს ბრალდებულის მხრიდან დანაშაულებრივ ქმედებას," - აცხადებს პროკურორი.