ბათუმის კლინიკაში ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი 6 წლის ბავშვი დაიღუპა (ვიდეო)
ბათუმის კლინიკაში 6 წლის ბავშვი დაიღუპა. მცირეწლოვანი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით გალიდან 2 დღის წინ მშობლებმა თავდაპირველად ზუგდიდში გადაიყვანეს. ზუგდიდის რეფერალურ კლინიკაში მას პირველადი გამოკვლევები ჩაუტარდა და დახმარება გაეწია.
ექიმების თქმით, ბავშვს პოლიორგანული უკმარისობა აღენიშნებოდა, გამოხატული იყო სუნთქვისა და გულსისხლძარღვთა სისტემის მწვავე უკმარისობა.
გამომდინარე იქიდან, რომ ზუგდიდის არცერთ კლინიკაში ბავშვთა რეანიმაციული განყოფილება არაა, მცირეწლოვანი ბათუმში გადაიყვანეს. კლინიკაში შეყვანიდან რამდენიმე საათში ის დაიღუპა.
ზუგდიდის კლინიკის ექიმი ამბობს, რომ მცირეწლოვანს კორონავირუსის ინფექცია არ დადასტურებია.
"ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში შემოყვანილ იქნა თვითდინებით 6 წლის ბავშვი მშობლების მიერ, რომელსაც ჰქონდა ცხელების, სუნთქვის გაძნელების და ხველების რამდენიმედღიანი ანამნეზი. ბავშვი შემოყვანისას მოთავსდა გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში, გამოხატული იყო სუნთქვის მწვავე უკმარისობის მომენტები, გულსისხლძარღვთა სისტემის მწვავე უკმარისობა, შესაბამისი პირველადი დახმარების შემდეგ ბავშვი გადაიგზავნა საგანგებო სიტუაციათა სამსახურის მიერ სპეციალიზებულ კლინიკაში - ბათუმის დედათა და ბავშვთა სახელობის ცენტრალურ ჰოსპიტალში", - ამბობს ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის ექიმი.
გარდაცვლილი 6 წლის ბავშვის ცხედარი უკვე გადაასვენეს საკუთარ სახლში, ოკუპირებულ აფხაზეთში. ექიმები ამბობენ, რომ ბავშვის ჰოსპიტალიზაიცა დაგვიანებული იყო, რა გახდა გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერ დაუდგენელია, რადგან ექსპერტიზის პასუხი ამ დორისთვის არაა ცნობილი.