ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი კავლელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სხდომა კლინიკის პალატაში ცოტა ხნის წინ დასრულდა.
მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მედიასთან განმარტა, რომ ბრალდებულმა თავადაც ითხოვდა პატიმრობაში დატოვება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის დანაშაულს აღიარებს.
პროკურორმა არ უპასუხა კითხვას, არის თუ არა 30 წლის კაცი ძალადობის ბრალდებით წარსულშიც ნასამართლევი.
"ბრალდებულის პოზიცია პროკურატურის შუამდგომლობასთან დაკავშირებით არ იყო საწინააღმდეგო. დღეს გაიგო მან, რომ მისი მეუღლე არის გარდაცვლილი და ჩავარდა ძალიან მძიმე ემოციურ მდგომარეობაში, იძახდა, რომ პასუხი უნდა ვაგოო, არ ვარ მე არაფრის ღირსი და ასე შემდეგ, მოკლედ ძალინ ემოციური ფონი იყო", - ამბობს ადვოკატი.
მისივე განმარტებით, ბრალდებულის სიტყვები არაა საკმარისი იმისთვის, რომ დანაშაული აღიარებად ჩაითვალოს, ამისთვის საჭიროა ექსპერტიზა:
"მისი მონაყოლიდან გამომდინარე იკვეთება, რომ რაღაცეებს ვერ აცნობიერებდა, ვერ იხსენებს დეტალებს, რატომ და ვერც მოტივზე ვერ საუბრობს აქედან გამომდინარე".
მკვლელობა ვარკეთილში 9 იანვარს მოხდა. ქმარმა ცოლს, 27 წლის ქეთევან ედიბერიძეს დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. ედიბერიძე კლინიკაში გადაყვანის შემდეგ დაიღუპა. კაცმა თვითდაზიანებები მიიყენა, რის გამოც ისიც კლინიკაშია.
გამოძიება ქმარს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.