დანიის ელჩის განცხადება თავხედურია, მგონი, ელჩს თავისი უფლებამოსილებები და ვალდებულებები ავიწყდება - ირაკლი ზარქუა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა დანიის ელჩის მიერ გაკეთებულ განცხადებას თავხედურს უწოდებს. მან ელჩს მოუწოდა, მომავალში განცხადებების გაკეთების დროს უფრო ფრთხილი იყოს.
„მგონი, დანიის ელჩს თავისი უფლებამოსილებები და ვალდებულებები ავიწყდება. ქალბატონო ელჩო, დანიშნული ხართ იმისთვის, რომ ქართველ ხალხსა და ქართულ სახელმწიფოს დაეხმაროთ ევროპულ ინტეგრაციაში.
მთელი რიგი წარმატებები გვაქვს, მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტის ღიაობითა და გამჭვირვალობით მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ და ვუსწრებთ დანიასაც, ეს არის მოცემულობა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის გუნდმა შექმნა და მოიტანა.
დარწმუნებული ვარ, საგარეო საქმეთა სამინისტრო ელჩს დაიბარებს და მას ახსნა-განმარტებებს მოსთხოვს. ვურჩევდი, საზოგადოებას ამ განცხადების გამო ბოდიში მოუხადოს“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.
დანიის ელჩმა ანე ტოფტ სორენსენმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია. აღნიშნული განცხადების გამო, ელჩი საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. დიპლომატს უწყებაში დღის ბოლომდე ელოდებიან.