თეგებით ძიება

რა უნდა ჩანდეს სარკეში და რა არა? - ფენ-შუი

სარკე ტუალეტის კარზე

ტუალეტის კარზე გარედან დამაგრებული სარკე სიმბოლურად ამ ოთახს უხილავს ხდის, რაც კარგია, რადგან ითვლება, რომ უნიტაზიდან სასიცოცხლო ენერგია გაედინება. ზოგადად, ფენ-შუიში ბევრი რამ სიმბოლოებზეა აგებული - თუ რამეს ვერ ხედავ, ესე იგი, ის არ არსებობს. მეორე მხრივ, ფენ-შუი სასტიკად კრძალავს კარის შიდა მხარეს სარკის დამაგრებას, განსაკუთრებით, თუ მასში უნიტაზი მოჩანს.

სარკე და შუქი

ზოგ სივრცეში (დერეფანი, აბაზანა, კარადა) ფანჯრები არ არის და განათებაც ძალიან სუსტია. თუ სარკეს ისე განათავსებთ, რომ მასში სინათლის ერთადერთი წყარო აისახა, განათება დამატებითი ნათურების გარეშე მოიმატებს.

ფანჯრის გარეთ მყოფი ულამაზო საგნის ანარეკლი

სამწუხაროდ, ხშირად ფანჯრიდან სანტექნიკის მილებს, ამწეებს, მშენებლობებს ვხედავთ. ამ შემთხვევაში დიდი სარკე ფანჯარაზე ან პირდაპირ აივანზე უნდა განათავსოთ, რომელიც უარყოფით ენერგიებს აირეკლავს. ზოგი სპეციალურ სარკეს იყენებს, რომელსაც ბა-გუა ჰქვია.

ლამაზი საგნების გაორმაგება

სარკე ვიზუალურად აორმაგებს ყველაფერს, რაც მასში ირეკლება, ამიტომ შეგიძლიათ ლამაზი ავეჯი, ძვირად ღირებული სამკაულები, ბროლის ჭაღები, საყვარელი ქანდაკებები და ნახატები გააორმაგოთ. სასურველია, რომ კარგად გააზრებული და ლამაზი კომპოზიციები წინასწარ შექმნათ.

სად არ შეიძლება სარკის დაკიდება?

ფენ-შუის მიხედვით, სარკე წყლის სტიქიის სიმბოლოა, ამიტომ სარკისებური ჭერის გაკვრისას თქვენ იქ სიმბოლურად, წყალს ათავსებთ, სარკისებური ფილების ანარეკლში კი საკუთარ თავს ზოლებად „დაჭრილს“ ხედავთ, ამიტომ საცხოვრებელ სახლში დიზაინის ეს ორი ტექნიკა არახელსაყრელია. მსგავსი დიზაინი დასაშვებია სასტუმროებში, სადაც ადამიანები ცოტა ხნით იმყოფებიან.

სარკე საძინებელში

ეს კიდევ ერთი და ალბათ ყველაზე ცნობილი ტაბუა. მნიშვნელოვანია, რომ საძინებლის სარკეში არ ჩანდნენ ლოგინზე მწოლი ადამიანები. ჯერ ერთი, ეს გამაღიზიანებელია და მეორე, ღალატს მოასწავებს - არაცნობიერი იმახსოვრებს, რომ წყვილში შეიძლება უცხო ადამიანები გამოჩნდნენ და ის, რაც არაცნობიერშია, ადრე თუ გვიან, ცნობიერშიც მეორდება.

სარკე შემოსასვლელ კართან

აქ ყველაფერი ძალიან მარტივია - კარის წინ სარკის დაკიდება არ შეიძლება, რადგან დადებითი ენერგია სახლში შემოსვლისთანავე, უკან გავა. ასევე არ შეიძლება სარკის დაკიდება შემოსასვლელ კარზე. დიახ, ეს მოსახერხებელია, მაგრამ კარი სიმბოლურად „ქრება“, ის კი ბინის დასაცავად შეიქმნა. სახლიდან საკუთარი თავი რომ შეათვალიეროთ, უმჯობესია სარკე შემოსასვლელი კარის გვერდით კედელზე დაკიდოთ.

რა არ უნდა ჩანდეს სარკეში?

გახსოვდეთ, რომ სარკეში ფანჯრები, კარები და უნიტაზი არ უნდა ჩანდეს - სწორედ ამ ობიექტებიდან ხდება ენერგიის გადინება, სარკეები კი გადინების ეფექტს აძლიერებენ. ასევე, ეცადეთ, რომ სარკეში მტვრიანი საგნები და ნაგვის ურნები არ გამოჩნდეს.

სარკე სარკეში

ორი დიდი სარკე ერთმანეთის პირისპირ არ უნდა დადგათ. ეს განლაგება უსასრულო დერეფნის ილუზიას ქმნის, რაც შეიძლება პარალელური რეალობისთვის ერთგვარი პორტალი გახდეს. გარდა ამისა, უსასრულობის განცდა ბინის მფლობელს სივრცეზე კონტროლს უზღუდავს. ამან კი შეიძლება, ზედმეტი შფოთვა გამოიწვიოს. გონება ყველაფრის გაკონტროლებას ცდილობს და ეს სახლის უსაფრთხოების პრინციპია.

წყარო : Funtime


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა