კონსტანტინე გამსახურდია ადასტურებს, რომ პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობას დაიკავებს
კონსტანტინე გამსახურდია ადასტურებს, რომ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობას დაიკავებს. ამის შესახებ მან "ინტერპრესნიუსის" განუცხადა.
კონსტანტინე გამსახურდია თანამდებობაზე გიორგი კეკელიძეს შეცვლის.
როდის დაინიშნება გამსახურდია ეროვნული ბიბლიოთეკის თავმდჯომარედ, ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია. თავად გამსახურდია აცხადებს, რომ ამას „გარკვეული დრო“ დასჭირდება.
ცნობისთვის, ეროვნული საპარლამენტო ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ ცოტა ხნის წინ პოსტი გამოაქვეყნა სადაც წერდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თანამდებობიდან წასვლა მოსთხოვა.
"პარლამენტის თავმჯდომარე შემხვდა და მითხრა, რომ უნდა წავიდე დაკავებული თანამდებობიდან, რადგან 11 წელი ბევრია, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვმუშაობდი და განახლების დროა. მე მშვიდად ვუთხარი, რომ იურიდიულად ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ არსებობს სხვა სამართალი და ამ სამართლით, ეს არის ძალიან დიდი უსამართლობა.
მერე გამოვედი, პარლამენტის კიბეზე ჩამოვჯექი და ვფიქრობდი იმ საოცარ გეგმებზე, საოცარ ხალხთან ერთად რომ მქონდა, იმ წლებზე, დღეებზე და წუთებზე, რომელიც ამ საქმეს შევალიე და რომ მქონდა ერთი დიდი ოცნება - გამეხსნა ლეგენდარული პირველი კორპუსი, რომლის რესტავრაცია უკვე დაიწყო და მე უკვე შორიდან გავიხარებ ამ ამბით. და მერე გამახსენდა, რომ ეს არის ჩვენებური ალგორითმი და რომ ეს ასეც უნდა მომხდარიყო.
P.S. და ისიც ვიცი, რომ ახლა იქნება სამდღიანი წუხილი და სამდღიანი დაგეგმილი ლანძღვა - მერე რა, რომ უმიზეზო. და მერე ყველაფერი იქნება ჩვეულებრივად, ძალიან ჩვეულებრივად. და ეს ასეც უნდა იყოს.თქვენი", - წერს კეკელიძე.