აშშ და დიდი ბრიტანეთი მძიმე საფასურს გადაიხდიან აშკარა აგრესიისთვის
ჰუსიტების საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ჰუსეინ ალ-იზიმ განაცხადა, რომ აშშ და დიდი ბრიტანეთი მძიმე საფასურს გადაიხდიან აშკარა აგრესიისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.
ჰუსიტების უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის წევრმა, აბდულსალამ ჯაჰაფმა აღნიშნა, რომ "20 წელზე მეტია გვინდოდა ამერიკასთან დაპირისპირება".
"ეს არის წმინდა ჯიჰადი და ეს არის გადამწყვეტი ისტორიული ეტაპი, რომლითაც ღმერთმა ამერიკის, ბრიტანეთისა და ისრაელის დამცირების შესაძლებლობა მოგვცა", - განაცხადა მან.
აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა საჰაერო დარტყმები განახორციელეს იემენში ჰუსიტების სამიზნეებზე.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ეს დარტყმები პირდაპირი პასუხია ჰუსიტების უპრეცედენტო თავდასხმებზე წითელ ზღვაში საერთაშორისო საზღვაო გემების წინააღმდეგ.
"საერთაშორისო საზოგადოების პასუხი ამ უგუნურ თავდასხმებზე ერთიანი და მტკიცეა. ეს დარტყმები არის მკაფიო გზავნილი, რომ შეერთებული შტატები და ჩვენი პარტნიორები არ მოითმენენ თავდასხმებს ჩვენს პერსონალზე და არ დაუშვებენ, რომ საფრთხე შეექმნას ნაოსნობის თავისუფლებას მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულად მნიშვნელოვან სავაჭრო მარშრუტზე", - განაცხადა მან.