ხატი ტაძრიდან არ გავა, 10-სანტიმეტრიანი ფიგურის შეცვლას მაქსიმუმ 30 წთ სჭირდება - "პატრიოტთა ალიანსი" სტალინის გამოსახულებაზე
ხატი სტალინის გამოსახულებით ისევ სამების საკათედრო ტაძარში რჩება. პრორუსული პარტია "პატრიოტთა ალიანსის" წევრები, რომლებმაც ხატი ეკლესიას შესწირეს ამბობენ, რომ ხატი ტაძრიდან არ გავა. მათი თქმით, სპეციალისტების დახმარებით ხატს ადგილზევე გადააკეთებენ.
საპატრიარქომ გუშინ გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ წმინდა მატრონა მოსკოველის ხატზე სტალინის ეპიზოდის შეცვლა აუცილებელია. საპატრიარქომ შემწირველებს მიმართა, თვითონ შეეტანათ "სათანადო ცვლილებები" ხატში, ან ამას თავად გააკეთებდნენ.
"ჯერ ვერაფერს ვერ გიპასუხებთ, იმიტომ, რომ არ მაქვს ინფორმაცია, არც გატანა მოხდება, ეგ ვიცი, რომ გატანა არ მოხდება, ამიტომ, დეტალები ახლა არ ვიცი და ვერაფერს ვერ გეტყვით. ხატი ტაძრიდან არ გავა, რაც შემიძლია გითხრათ", - ამბობს ირმა ინაშვილი.
დავით თარხან-მოურავი ამბობს, რომ ხატზე 10-სანტიმეტრიანი ფიგურის შეცვლას მაქსიმუმ ნახევარი საათი სჭირდება და ხატის გატანა სამების ტაძრიდან საჭირო არაა. მისივე თქმით, უახლოესი 2-3 დღის განმავლობაში ხატის ფრაგმენტი, სადაც სტალინია გამოსახული, შეიცვლება.
"10-სანტიმეტრიანი ფიგურის შეცვლას 2.5-მეტრიან ხატზე რამდენი წუთი სჭირდება, ნახევარი საათი, რათ უნდა ამაგს გამოტანა. [...] შეიცვლება რადგან საპატრიარქომ გადაწყვიტა და არაფერი აჟიოტაჟი აქ საჭირო არ არის, არც არაფრის გატანა და არც შემოტანა არაა საჭირო, ეს არის მარტივი პროცედურა", - ამბობს თარხან-მოურავი.