პენცენტრი სოლიდარობას უცხადებს გიორგი კეკელიძეს
საქართველოს პენცენტრი სოლიდარობას უცხადებს გიორგი კეკელიძეს, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლა. მწერლის მხარდამჭერი განცხადება დღეს, 12 იანვარს, გავრცელდა.
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა საქართველოს პარლამენტის დაქვემდებარებაშია.
"გიორგი კეკელიძის დირექტორობის დროს ეროვნულ ბიბლიოთეკაში მრავალი საინტერესო და წარმატებული პროექტი განხორციელდა, ბიბლიოთეკა კულტურის ცოცხალ და მნიშვნელოვან კერად იქცა... საქართველოს პენცენტრი სოლიდარობას უცხადებს გიორგი კეკელიძეს და თვლის, რომ ჩნდება ლეგიტიმური კითხვები მისი თანამდებობიდან მოულოდნელი და უმიზეზო გათავისუფლების გამო", - წერია პენცენტრის განცხადებაში.
გუშინ, 11 იანვარს, ეროვნული ბიბლიოთეკის მოქმედმა გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ ფეისბუკში დაწერა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე თანამდებობის დატოვებაზე ესაუბრა. მოგვიანებით კი კონსტანტინე გამსახურდიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ამ თანამდებობის დასაკავებლად შეთავაზება მიიღო და დასთანხმდა.