თუ მუხლს არ გადააკვალიფიცირებენ, "ოცნება" თავისას მიიღებს და ნატა ფერაძე თავისას - კოკა მორგოშია
„ალტ-ინფოს“ ერთ-ერთი ლიდერი, კოკა მორგოშია ამბობს, რომ თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება და ნატა ფერაძეს არ დაიჭერენ, ძალიან დიდი პრობლემები დაიწყება ქვეყანაში.
„კანონმდებლობაში შევიდეს ცვლილები და გამკაცრდეს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა და სიწმინდეები. დარწმუნებული ვარ, რომ ამას ჩვენ მივიღებთ უახლოეს პერიოდში. პლუს, ჩვენმა იურისტებმა გაიარეს ძველ პროკურორებთან, იურისტებთან საკითხი, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ ნატა ფერაძე არის დამნაშავე და არა ადმინისტრაციული, არამედ სისხლის სამართლის კოდექსით. განცხადება ჩავაბარეთ ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოში და ველოდებით, რომ რამდენიმე დღეში პროკურატურა და "ქართული ოცნება" გონს მოეგება. მცირე ხულიგნობის მუხლით წაიყვანეს გამოძიება, ეს არის სისულელე და ევროპელებისთვის გაგორებული კოჭი და ისევ და ისევ სისუსტე "ქართული ოცნების". ვიმედოვნებთ, რომ ის "ქართული ოცნების" წინააღმდეგ არ წავა და მუხლს გადააკვალიფიცირებს. თუ ასეთი რამ არ მოხდება, "ოცნება" მიიღებს თავისას და ნატა ფერაძე თავისას. აი ეს რასაც ნიშნავს, დაელოდეთ. ეს "ქართული ოცნების" გადასაწყვეტია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეყოფათ კეთილგონიერება და ქართველი ხალხის წინააღმდეგ არ წავლენ. ველოდებით, რომ ფერაძეს დაიჭერენ. თუ ნატა ფერაძეს არ დაიჭერენ, ძალიან დიდი პრობლემები დაიწყება ქვეყანაში", - ამბობს კოკა მორგოშია.