თეგებით ძიება

კლინიკებში ცოტნე გამსახურდია ყველაზე მძიმე სახეობების ჰოსპიტალური ინფექციებით დაინფიცირდა, რამაც საფრთხის ქვეშ დააყენა მისი სიცოცხლე - ანა ჯაბაური

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას მეუღლის, ანა ჯაბაურის განცხადებით, გამსახურდია როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის კლინიკებში ჰოსპიტალური ინფექციებით დაინფიცირდა.

„ნოემბერში ცოტნეს სერიული ეპილეფსიური გულყრების ეპიზოდი ჰქონდა, ჰოსპიტალში გადავიყვანეთ და იქ ორი ჰოსპიტალური ინფექციით დაინფიცირდა, რომელმაც მდგომარეობა გაგვირთულა. ორი კვირა რეანიმაციაში იწვა, სადაც შესანიშნავმა პროფესიონალებმა უმკურნალეს. ჰოსპიტალური ინფექცია, სამწუხაროდ, მსოფლიო მედიცინის გამოწვევაა და არა მხოლოდ საქართველოს პრობლემა. თურქეთსა და გერმანიაშიც, წელიწადნახევრიანი ჰოსპიტალიზაციის პირობებში უმაღლესი რანგის კლინიკებში, ცოტნე დაინფიცირდა ყველაზე მძიმე 6 სახეობის ჰოსპიტალური ინფექციით, რამაც ბევრჯერ სერიოზული საფრთხის ქვეშ დააყენა მისი სიცოცხლე. ყველა ნევროლოგი თურქეთშიც და გერმანიაშიც მოგვიწოდებდა რომ მაქსიმალურად აგვერიდებინა ცოტნე ჰოსპიტალებისთვის ამის გამო და რეაბილიტაცია, სტაბილური ჰემოდინამიკის პირობებში, გაგვეგრძელებინა სახლში. გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ, 6 თვე ვებრძოდით თურქეთისა და ევროპის კლინიკებიდან წამოყოლილ ჰოსპიტალურ ინფექციებს და ძლივს დავამარცხეთ. არადა, ამგვარი პაციენტების სიცოცხლის მთავარი საფრთხე სწორედ ინფექციებია. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და უდიდესი მადლიერება გამოვუხატო ბრწყინვალე პროფესიონალსა და იშვიათ ადამიანს, ინფექციონისტს ალექსანდრე გოგინავას, რომელიც მთავარი რგოლია ცოტნეს ჯანმრთელობაზე მზრუნველ ექიმთა დიდ გუნდში. მისთვის არ არსებობს დღე და ღამე, სამუშაო და დასვენების საათები, ყოველთვის ჩვენთანაა და ყოველთვის ხაზზეა. და, ეს ყველაფერი სრულიად უსასყიდლოდ...

მოკლედ, ამჯერადაც შევძელით ამ სირთულის დაძლევა და ახლა ისევ უკეთაა. ისევ შევუდექით აქტიურ რეაბილიტაციას. ამჟამად, ქართველ ფიზიოთერაპევტებთან ერთად, სომხეთიდან ერთი თვით ჩამოსული ცნობილი კინეზოთერაპევტი უტარებს მკურნალობას. ამ სპეციალისტის გამგზავრების შემდეგ, გერმანელი ოკუპაციური თერაპევტი ჩამოგვყავს ერთი თვით. ასევე გერმანელი ნევროლოგი გეგმური კონსულტაციისთვის.

მეხუთე წელია, მუდმივ ბრძოლასა და წვალებაში ვართ, მაგრამ ფარ-ხმალს მაინც არ ვყრით. საოცარი სიცოცხლისუნარიანობითა და ბრძოლის ჟინითაა ცოტნე დაჯილდოებული.

ჩვენ კი თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებას ვადევნებთ თვალყურს, სადაც მნიშვნელოვანი და იმედისმომცემი წინსვლები ამჯერად ექსპერიმენტის ფაზაშია. ჰოდა, ჩვენც იმედიანად და მოთმინებით ველით მათ დანერგვას“, - აცხადებს ჯაბაური.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა