მიხეილ მშვილდაძის საქმეზე, GDI-მ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა
საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ (GDI) მიხეილ მშვილდაძეზე 2023 წლის 27 ივნისს განხორციელებულ, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ორგანიზებულ, არაადამიანური მოპყრობის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა.
2023 წლის 27 ივნისს, მიხეილ მშვილდაძეს, ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელსა და ჟურნალისტს, თავს დაესხნენ, მასზე ფიზიკურად იძალადეს და მიაყენეს დაზიანებები თავისა და სახის არეში. თავდამსხმელმა, ნიკოლოზ გუგეშაშვილმა, სოციალურ ქსელ Facebook-ში გამოაქვეყნა საჯარო პოსტი. მან აღიარა თავდასხმის ფაქტი და მიზეზად მშვილდაძის მიუღებელი პოზიციები დაასახელა.
ტელეკომპანია „ფორმულას” მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიებით ირკვევა, რომ მიხეილ მშვილდაძის მიმართ ძალადობის დაგეგმვასა და განხორციელებაში დიდი ალბათობით ჩართული იყვნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და მისი თანამშრომლები.
საქართველოში წარმოებული გამოძიება არ ყოფილა ყოველმხრივი, სრულყოფილი და ობიექტური. საქმე დახურა და 2023 წლის 12 სექტემბერს გადაიგზავნა სასამართლოში, ისე რომ საქმეში მონაწილე ყველა შესაძლო დამნაშავის იდენტიფიცირება და დასჯა არ მომხდარა. საგამოძიებო ორგანოს არ ამოუღია ყველა ვიდეო კამერის ჩანაწერი, არ დაუკითხავს ყველა მოწმე, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები. დანაშაულის კვალიფიკაცია იყო არასწორი და ნაცვლად ჯგუფურად, დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი არაადამიანური მოპყრობისა, დაკვალიფიცირებული იყო სსკ-ის 126-ე მუხლით (ძალადობა).
დაზარალებულს, მისი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დარღვევით, არ მიაწოდეს საქმისთვის მნიშვნელოვანი ყველა მტკიცებულება (ვიდეო-მასალები).
აღნიშნული გარემოებების გამო, მიხეილ მშვილდაძემ საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.
წარდგენილი საჩივარი შეეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა, მატერიალური და პროცედურული ნაწილი) მე-14 მუხლთან (დისკრიმინაციის აკრძალვა) ერთობლიობაში და მე-10 მუხლის (გამოხატვის თავისუფლება) დარღვევას. მომჩივანი დავობს, რომ მის მიმართ ჩადენილი დანაშაული სავარაუდოდ სახელმწიფოს მიერ იყო დაგეგმილი და განხორციელებული. ამიტომ მის მიმართ განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა.
ამასთან, მიხეილ მშვილდაძის მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე არ ჩატარებულა ეფექტიანი გამოძიება და არ დასჯილან დამნაშავეები. გამოძიებას არ გამოუვლენია პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების ნიშნით დისკრიმინაციული ნიშანი. მომჩივანი დავობს გამოხატვის თავისუფლების დარღვევაზეც, ვინაიდან არის ჟურნალისტი და სახელმწიფოს ეკრძალება ჟურნალისტის გამოხატვის თავისუფლების მსგავსი ფორმით შეზღუდვა, ამასთან სახელმწიფოს ევალებოდა გამოეძიებინა გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები.