„ლელოში“ შიდაპარტიული არჩევნები დასრულდა
პარტია „ლელოში“ შიდაპარტიული არჩევნები დასრულდა. პარტიის პოლიტსაბჭომ თავმჯდომარედ ბადრი ჯაფარიძე მის მოადგილედ კი ანა ნაცვლიშვილი აირჩია. ამის შესახებ განცხადება პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა,.
დღეს პოლიტსაბჭოს სხდომამ ირაკლი კუპრაძე ოფიციალურად დაამტკიცა გენერალური მდივნის თანამდებობაზე.
„დღეს „ლელოში“ დამთავრდა საარჩევნო პროცესი. მოგეხსენებათ, რომ 22 დეკემბერს ჩვენ ჩავატარეთ ყრილობა, სადაც არჩეული იქნა პოლიტსაბჭოს 21 წევრი. დღეს ჩატარდა პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც არჩეულ იქნა პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე, ასევე დამტკიცდა გენერალური მდივნის კანდიდატურა. მინდა წარმოგიდგინოთ ბადრი ჯაფარიძე, რომელიც ერთხმად იქნა არჩეული პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ, ასევე ანა ნაცვლიშვილი, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ და ის წაიყვანს პოლიტსაბჭოში აღმასრულებელ მიმართულებას. ასევე ირაკლი კუპრაძე დამტკიცდა პარტიის გენერალურ მდივნად. მინდა გითხრათ. რომ ამით ჩვენ დავასრულეთ შიდა პარტიული არჩევნები და შეიძლება ითქვას, რომ დღეიდან პარტია სრულიად მობილიზებულია იმისთვის. რომ საკმაოდ სერიოზული გამარჯვება მოიტანოს 2024 წლის არჩევნებისთვის. გამარჯვებაში ჩვენ ვგულისხმობთ იმას, რომ შევცვალოთ ქართველი ხალხის ცხოვრება, რომ ეს ქვეყანა გავხადოთ წარმატებული, შევქმნათ ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი, გავაორმაგოთ ბიუჯეტი, შევქმნათ პირობა, რომ ჩვენი ემიგრაცია დაუბრუნდეს სამშობლოს და ჩვენს ახალგაზრდებს მივცეთ საქართველოში სამუშაოს დაწყების საშუალება, ჩვენს პენსიონერებს მივცეთ ღირსეული ცხოვრების საშუალება. ასე რომ, ჩვენ ვართ სრულად მობილიზებულები, იმისთვის, რომ 2024 წელი არა მხოლოდ ჩვენი პარტიისთვის, არამედ სრულიად საქართველოსთვის გახდეს გარდამტეხი და გამარჯვების წელი“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.