გორში კატას სცემეს და აწამეს - ძაღლის დაჭრისთვის დაკავებულს, ბრალი წაუყენეს (ვიდეო)
ცხოველების წამების გახშირებული შემთხვევები - შიდა ქართლში კატას სცემეს და აწამეს. მას დაზიანებები მუცლის არეში აღენიშნებოდა, თუმცა ვეტერინარებმა მისი გადარჩენა შეძლეს.
ბოლო დღეების განმავლობაში, ამავე რეგიონში ცხოველის წამების კიდევ ერთი ფაქტი დაფიქსირდა. სოფელ რეხაში ძაღლი იარაღით დაჭრეს. ვეტერინარებმა მისი გადარჩენაც შეძლეს და ის ახლა უკვე პატრონთან, სახლში იმყოფება. სამართალდამცველებმა დააკავეს 65 წლამდე კაცი, რომელიც გორის წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. მას ბრალი ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის მუხლით წაუყენეს. მისი აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.
დაკავებულის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს აღიარებს და ირწმუნება, რომ მას ცხოველისთვის ზიანის მიყენების განზრახვა არ ჰქონია. დაკავებული ამბობს, რომ იარაღიდან მხოლოდ შესაშინებლად გაისროლა, რადგან ძაღლი მის მეურნეობას ზიანს აყენებდა.
სამართალდამცველები იძიებენ ძაღლის წამებისა და მკვლელობის კიდევ ერთ საქმესაც, რომელიც გორში, წმინდა წყლის დასახლებაში მოხდა.