"ვფიქრობ, რომ ხალხს ჩემი დანახვა ყელში ამოუვიდა. ალბათ, ეკრანიდან უნდა გავქრე" - მარგო რობი
ჰოლივუდის ვარსკვლავი, მარგო რობი ამბობს, რომ ცოტა ხნით ეკრანებიდან "გაქრობას" აპირებს. ავსტრალიელი მსახიობის თქმით, ხალხს მისი ყურება უკვე "ყელში ამოუვიდა."
"ყველა მეკითხება: "შესვენება აღარ გაქვს?" - მე კი ვპასუხობ, რომ პროდიუსერი ვარ და პროდიუსერები არ ისვენებენ. მაგრამ როგორც მსახიობი, ბოლოს "Barbie"-ის გადასაღებ მოედანზე ვიყავი. ასე რომ, უკვე წელიწადზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც მსახიობად არ მიმუშავია.
ვფიქრობ, რომ ახლა ყველას აწუხებს ჩემი დანახვა. ალბათ ცოტა ხნით უნდა გავქრე ეკრანებიდან. გულახდილად რომ გითხრათ, კიდევ ახალ ფილმში რომ გამოვჩნდე, ხალხი იტყვის: "ისევ ის?" - არ ვიცი შემდეგ რას გავაკეთებ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ შესვენება დიდხანს არ გაგრძელდება" - განაცხადა მარგო რობიმ.
მსახიობის განცხადებით, წლებია რეჟისორობაზე ოცნებობს და თვლის, რომ ამისთვის უკვე მზად არის:
"ბოლო შვიდი წელია ძალიან მინდა რეჟისორობა. მაგრამ მე ამას ყოველთვის პრივილეგიად მივიჩნევდი და არა უფლებად. ნელ-ნელა ვმუშაობდი იმ მიმართულებით. ვთვლი, რომ ამ მიზანს ვუახლოვდები" - ამბობს რობი.