ის, რომ ბავშვი მოიტაცეს და მას არ უნდოდა ქორწინება კიდევ ერთმა მოწმემ დაადასტურა - 14 წლის აითაჯ შახმაროვას საქმის სასამართლო განხილვა გრძელდება
14 წლის აითაჯ შახმაროვას საქმის სასამართლო განხილვა გრძელდება. დღეს, მოკლული მოზარდის დედის და ბიძის მორიგი სხდომა გაიმართა - მათ გამოძიება ქორწინების იძულებას და დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.
ის, რომ ბავშვი მოიტაცეს და მას არ უნდოდა ქორწინება კიდევ ერთმა მოწმემ დაადასტურა. მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცის ნათესავი, ვის სახლშიც მიიყვანეს მოტაცებული მოზარდი, ჰყვება, რომ გოგონას ოჯახი ყველაფერზე ინფორმირებული იყო, მაგრამ იმისთვის, რომ მათი ღირსება არ შელახულიყო, საბოლოოდ მოზარდის მოძალადესთან დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.
"სასეირნოდ იყვნენ წასულები და მერე მოიტაცა გოგო. ჩვენ სახლში მოიყვანა. აითაჯმა მითხრა, რომ მოტყუებით მომიყვანაო, შეშინებული იყო. მე ვკითხე რისი ეშინოდა და აითაჯმა მითხრა, ასე, მოტაცებით არ უნდოდა გათხოვება. ჩემმა მეუღლემ უთხრა, რომ არ მისცემდა ალის უფლებას ნების წინააღმდეგ მას შეხებოდნენ. აითაჯი აბაზანის ფანჯრიდან, მეზობლის ეზოს მეშვებით გაიქცა. აითაჯმა დედას დაურეკა, დედამ ჩვენ სახლში მოიყვანა. დედას წაყვანა უნდოდაო, ბიძას დატოვება. საბოლოოდ აითაჯი დატოვეს და თვითონ წავიდნენ. დედამისი ახლა როგორც ტირის, იქ ისე ტიროდა იმ დღეს. ბიძა ეუბნებოდა, რომ შინ დაბრუნება სირცხვილი იყო. 5-6 საათის მერე დაითანხმეს აითაჯი დარჩენაზე", - განაცხადა მკვლელობაში ბრალდებულის ბიცოლამ.
აითაჯ შახმაროვას დედის ადვოკატის, ალიმ ბადიროვის განმარტებით, ბიცოლას ჩვენების მიხედვით ირკვევა, რომ დედას აითაჯის იძულებით ქორწინებაში დატოვება არ სურდა, თუმცა გოგონამ ბიძის რჩევა გაითვალისწინა და დარჩენა გადაწყვიტა.
"ბიცოლას ჩვენების მიხედვით, რჩევას მხოლოდ ბიძა აძლევდა, ხოლო დედას არ სურდა, რომ შვილი დარჩენილიყო და დღესაც დააფიქსირა, რომ ტიროდა და აითაჯის იქ დარჩენა არ სურდა. თუმცა, აითაჯმა ბიძის რჩევა გაითვალისწინა და დარჩენა გადაწყვიტა", - განაცხადა აითაჯ შახმაროვას დედის ადვოკატმა ალიმ ბადიროვმა.
საქმის პროკურორის ხატია გოგრიჭიანის განცხადებით, ღირსების შელახვისა და სირცხვილის თავიდან არიდების მოტივით, აითაჯ შახმაროვას დედამ და ბიძამ გოგონა იძულებით ქორწინებაში დატოვეს და სახლში არ დააბრუნეს.
„მოწმემ დააფიქსირა პოზიცია, რომ ბრალდებულის ზემოქმედებით მოხდა აითაჯის დათანხმება ქორწილზე და აითაჯი ნამდვილად იყო მოტაცებულად მიყვანილი მის სახლში. დედაც იზიარებდა პოზიციას, რომ მოტაცებული გოგოს უკან დაბრუნება იქნებოდა - სირცხვილი, მას თავი მოეჭრებოდა და ღირსება შეელახებოდა. ეს არის მოტივაცია, რის გამოც დედამ და ბიძამ არ წამოიყვანეს გოგონა იძულებითი ქორწინებიდან, იმ სახლიდან, სადაც მას არ უნდოდა ყოფნა და თანაცხოვრება იმ კონკრეტულ პირთან, რომელიც ამ ეტაპზე, მის მკვლელობაშია ბრალდებული“, - განაცხადა პროკურორმა ხატია გოგრიჭიანმა.
ცნობისთვის, 14 წლის აითაჯ შახმაროვა სოფელ ლამბალოში მოკლეს, მკვლელობაში ბრალდებული ასიმ ასლანოვია, რომელმაც იქამდე ის იძულებითი ქორწინების მიზნით გაიტაცა. გოგონამ სახლიდან რამდენჯერმე სცადა გაქცევა, რის შემდეგაც, ის ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.