თეგებით ძიება
16. 01. 2024 მსოფლიო

იარაღი თუ ამოგვეწურება, ნიჩბებით ვიბრძოლებთ - დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ დრო იწურება კონგრესისთვის, რათა დაამტკიცოს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი და დასძინა, რომ იარაღის ამოწურვის შემთხვევაშიც კი, უკრაინელები ბრძოლას ნიჩბებით გააგრძელებენ.

ამის შესახებ კულებამ ABC News-თან ინტერვიუში ისაუბრა.

კულებამ თქვა, რომ უკრაინისთვის მეტი დაფინანსება,  პოტენციურად დაეხმარება ნატო-სა და რუსეთს შორის პირდაპირი დაპირისპირების თავიდან აცილებაში.

 „რაც არ უნდა ღირდეს ახლა უკრაინის მხარდაჭერა, თუ უკრაინა წააგებს, მსოფლიოში არსებული არეულობის გამოსწორების ფასი, გაცილებით მაღალი იქნება. თუ დასავლეთი ვერ შეაჩერებს რუსეთს უკრაინაში, მაშინ კიდევ ვის შეუძლია შეაჩეროს იგი მსოფლიოს სხვა ნაწილებში? იარაღი რომც ამოგვეწუროს, ნიჩბებით ვიბრძოლებთ, რადგან უკრაინისთვის ერის არსებობა სასწორზე დგას“, - განაცხადა კულებამ.

ამასთან, კულებამ კიდევ ერთხელ გამორიცხა პუტინის რეჟიმთან ნებისმიერი მოლაპარაკება, ვიდრე უკრაინა ბრძოლის ველზე გაცილებით ძლიერ პოზიციას არ დაიკავებს.

ამასთან კულებამ აღნიშნა, რომ რუსმა სამხედროებმა ისწავლეს გაკვეთილები და ახლა ამ ომისთვის ბევრად უკეთესად არიან აღჭურვილი, თუმცა მისი პროგნოზით, წელს რუსეთს მეტი რცხი ელოდება.

ბოლო კვირების განმავლობაში რუსული ძალების მიერ ქალაქ ავდიივკის გარშემო ტერიტორიების მცირე ნაწილის დაკავების შესახებ საუბრისას, კულებამ თქვა, რომ რუსეთის ამ მინიმალურ მიღწევებს უკიდურესად მაღალი ფასი მოჰყვა და უარყო მოსაზრება, რომ რუსეთს ახლა ბრძოლის ველზე უპირატესობა აქვს.

გამოცემამ აღნიშნა, რომ ბოლო თვეებში უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე დრონები გაუშვა, რაზეც კულებამ პირდაპირი კომენტირებისას თავი შეიკავა, თუმცა მიანიშნა, რომ ომს უკრაინაში ნეგატიური გავლენა აქვს რუსეთისთვის.

„პუტინმა უნდა აუხსნას თავის ხალხს, რატომ ხდება ეს ყველაფერი. ვფიქრობ, დროდადრო კარგია, რომ მათ (რუსეთის მოსახლეობამ) გააცნობიეროს, რომ რეალობა მათი ტელევიზიების გარეთ განსხვავებულია და შეიძლება იყოს ბევრად, ბევრად უარესი, ვიდრე მათი პროპაგანდა“, - განაცხადა კულებამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა