უცხოელებისთვის აია-სოფიაში შესვლა ფასიანი გახდა
15 იანვრიდან, უცხოელებისთვის, მეჩეთად გადაკეთებულ აია-სოფიაში შესვლა ფასიანი გახდა. მსურველებს მეჩეთში შესასვლელად 25 ევროს გადახდა მოუწევთ. ამის შესახებ თავდაპირველად თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა, მეჰმეთ ნური ერსოიმ განაცხადა.
ცნობილია, რომ უცხოელი ტურისტებისა და თურქეთის მოქალაქეებისთვის ადგილზე სხვადასხვა შესასვლელია მოწყობილი.
"2024 წლის 15 იანვრიდან აია-სოფიაში შესვლა უცხოელი ვიზიტორებისთვის ფასიანი გახდება. თურქეთის მოქალაქეებისთვის, რომლებიც აია-სოფიაში სალოცავად ჩამოდიან, შესვლა უფასო იქნება", - თქვა მაშინ ერსოიმ და განმარტა, რომ გადაწყვეტილება UNESCO-ს რეკომენდაციით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მართვის გეგმის რეალიზაციის ფარგლებში მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ თურქერთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების განკარგულებას ხელი 2020 წელს მოაწერა.