"ბინიდან წაიღეს ძვირფასეულობა, მაცივრიდან საჭმელი და სასმელი" - თელავში ქურდობის გახშირებულ შემთხვევებზე საუბრობენ
ქურდობა კახეთში - თელავში მაღალსართულიან კორპუსში ბინა გატეხეს. დაუდგენელმა პირებმა ალაზნის გამზირზე, დაკეტილი სახლიდან ფული და ძვირადღირებული ნივთები გაიტანეს.
დაზარალებული ყვება, რომ ძველით ახალ წელს თბილისში იმყოფებოდნენ, უკან დაბრუნებულებს კი კარი გატეხილი დახვდათ. ოჯახი ამბობს, რომ წაღებულია საკვები და სასმელიც.
"ოქრო წაიღეს. საყინულიდან არის გამოლაგებული ხინკალი, შამპანური, ღვინოები, შოკოლადები, საიდან, როგორ, არ ვიცი, ალბათ გვაკვირდებოდნენ", - ამბობს დაზარალებული, ანა ბიძინაშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს დამნაშავე პირი ან პირთა ჯგუფი ამ დრომდე არ გამოუვლენია. ადგილობრივები გამოიკითხნენ.
მოქალაქეები ამბობენ, რომ ქურდების შემთხვევები გახშირდა. გამოძიება კონკრეტულ ფაქტზე 177-ე, ქურდობის მუხლით არის დაწყებული, უწყება ამბობს, რომ სხვა დაზარალებულებს მათთვის ოფიციალურად არ მიუმართავთ.