რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეები ქობულეთში ტყუპ ცათამბჯენს ააშენებენ - ბათუმელები
გამოცემა ბათუმელების ცნობით, ქობულეთში, ზღვისპირას, ტყუპი ცათამბჯენის აშენება იგეგმება. ბათუმელების ინფორმაციით, 40-45 სართულიანი კორპუსის აშენებას კომპანია ვითიქეი გეგმავს, რომლის მესაკუთრეებიც ბელარუსისა და ორმაგი - საქართველო-რუსეთის მოქალაქეები არიან.
გამოცემა წერს, რომ პროექტთან დაკავშირებით სკრინინგის განცხადებით ქობულეთის მერიამ უკვე მიმართა გარემოს ეროვნულ სააგენტოს. სკრინინგის პროცედურით სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ] ჩატარების საჭიროება უნდა განისაზღვროს დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით.
ბათუმელები წერს, რომ დოკუმენტების მიხედვით, შპს ვითიქეი მრავალსართულიანი მულტიფუნქციური კომპლექსის აშენებას თავის საკუთრებაში – 8 165 კვ.მ მიწის ნაკვეთზე აპირებს. კომპლექსი მოიცავს სასტუმრო/აპარტამენტებს, კაზინოს, სარელაქსაციო სივრცეებს, კომერციულ ობიექტებს, სავაჭრო ცენტრებსა და სხვადასხვა სახის სარესტორნო სივრცეს.
"მთავარ კომპლექსს დაეთმობა 76 000 კვადრატული მეტრი, ხოლო დარჩენილი კვადრატობა გადანაწილდება ავტოსადგომსა და კომპლექსის ფუნქციონირებისთვის საჭირო ნაგებობებზე.
კომპლექსში 4-5 სართული დაეთმობა კომერციულ და საკონფერენციო სივრცეებს, ხოლო 40-40 სართული – ორ, ტყუპ შენობას, სადაც მოეწყობა სასტუმროსა და აპარტამენტის სტილის ფართობები.
კომპლექსის საერთო სიმაღლე, საპროექტო ნიშნულიდან, დაახლოებით 140-150 მეტრი იქნება. ხოლო მიწის ქვეშ მოეწყობა 2 სართული [სიმაღლე 6 მეტრი] საპარკინგე ტერიტორია, რომელიც გათვლილი იქნება კომპლექსისთვის", - ნათქვამია ინფორმაციაში.
გამოცემის ცნობით, აღნიშნული კომპანია, შპს ვითიქეი საქართველოში 2022 წლის ივლისში დაარეგისტრირა ვაძიმ ბოჰაჩმა, რომელიც ბელარუსის მოქალაქეა. დღევანდელი მონაცემებით, ის კომპანიის 75%-იანი წილის მფლობელი და დირექტორია. დარჩენილ 25 პროცენტს კი ჯონი დავითაძე ფლობს - მას ორმაგი [საქართველოსა და რუსეთის] მოქალაქეობა აქვს.
ბათუმელების ცნობით, კომპანია აღნიშნული კომპლექსის აშენებას 5 წელში ვარაუდობს.
წყარო : ბათუმელები