თეგებით ძიება
17. 01. 2024 მსოფლიო

ჰუსიტების გამო ხილ-ბოსტნეულის გლობალური ბაზარი მრავალმილიონიან ზარალს განიცდის

წითელ ზღვასა და სუეცის არხზე საქონლის ტრანსპორტირების შეფერხება, რასაც იემენელი ჰუსიტების მიერ სამოქალაქო გემებზე ტერორისტული თავდასხმები ქმნიან, ყველაზე მეტად აზიასა და ახლო აღმოსავლეთის მთელ რიგ ქვეყნებთან ევროპა- ჩრდილოეთ აფრიკის ვაჭრობას აზიანებს. ამის შესახებ დარგის პორტალ EastFruit-ის ანალიტიკოსები წერენ.

კერძოდ, ეგვიპტე ამჟამად ციტრუსოვან და რიგი სხვა ხილ-ბოსტნეულის ფასებზე ზეწოლას განიცდის, რომელიც ტრადიციულად არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, საუდის არაბეთსა და ყურის სხვა ქვეყნებში, ასევე, აზიაში გადიოდა ექსპორტზე.

ამასთან, ევროპიდან, მათ შორის, უკრაინიდან და მოლდოვადან ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ვაშლის ექსპორტში ლოგისტიკის ღირებულება და მიწოდების დრო საგრძნობლად გაიზარდა. ევროპის ქვეყნებისთვის ახლო აღმოსავლეთი ვაშლის რეალიზაციის მთავარი ბაზარია. ასევე, აზიიდან და აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყნებიდან ევროპაში ეგზოტიკური ხილ-ბოსტნეულის მიმწოდებლებს, ხოლო ინდოეთიდან სუფრის ყურძნის ექსპორტიორებს სერიოზული პრობლემები შეექმნათ.

ამასთან, ზარალდებიან მიმწოდებლები თურქეთიდანაც, რომელიც რეგიონში ხილისა და ბოსტნეულის ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო ჰაბია. თურქული ხილისა და ბოსტნეულის პროდუქტების ძირითადი ნაკადი აზიისკენ სუეცის არხზე და წითელ ზღვაზე გადიოდა.

„როგორც ჩანს, სამოქალაქო გემების უსაფრთხოების პრობლემა უახლოეს მომავალში ვერ მოგვარდება, რაც ნიშნავს იმას, რომ დაზღვევის ღირებულება მეტად მაღალი დარჩება და კომპანიების უმეტესობა ამ სატრანსპორტო მარშრუტს თავს აარიდებს. შესაბამისად, სეზონის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში მიმწოდებლებს მარკეტინგული სტრატეგიების შეცვლა, ხოლო აზიისა და არაბეთის გაერთიანებული საემიროების იმპორტიორებს სხვა ქვეყნებში ალტერნატიული მიმწოდებლების მოძიება მოუწევთ,“ - წერენ EastFruit-ის ანალიტიკოსები.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა