ყავის ნალექი სუპერმტკიცე და ეკოლოგიური ბეტონის შესაქმნელად
ავსტრალიაში, RMIT-ის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ყავის ნალექის აქამდე უცნობი თვისება აღმოაჩინეს, რომელმაც შეიძლება მშენებლობის სფეროში რევოლუცია მოახდინოს. როგორც ირკვევა, ყავის დალევის შემდეგ ჩვენს ფინჯნებში დარჩენილი ნალექისგან, რომელსაც ფინჯნის რეცხვის დროს წყალს ვატანთ, გამძლე და ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალის დამზადება შეიძლება.
Science Direct-ის განმარტებით, ყავის ნალექი ორგანული ნარჩენია. ასეთი ნარჩენის დაშლისას მავნე აირი - მეთანი წარმოიქმნება. ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ შესაძლებელია ყავის ნალექის სხვადასხვა ტემპერატურაზე პიროლიზი, რაც მის თვისებებს სამშენებლო სამუშაოებში გამოსაყენებლად გააუმჯობესებს (პიროლიზი — ორგანული ნაერთების თერმული დაშლა ჰაერის გარეშე).
350 °C ტემპერატურაზე პიროლიზი სამშენებლო მასალის თვისებების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას იწვევს. შესაბამისად, ჩვეულებრივ ბეტონთან შედარებით, გადამუშავებული ყავის ნალექის (Spent Coffee Grounds (SCG)) შემცველი კომპოზიციური ბეტონის სიმტკიცე 30%-ით იზრდება.
ყავის ნალექის გადამუშავების ეს ხერხი მნიშვნელოვანი ნაბიჯია მდგრადი სამშენებლო მასალების შექმნის გზაზე და საშუალებას გვაძლევს, რომ ყავის ნარჩენები მშენებლობაში გამოვიყენოთ, რაც თავის მხრივ, გარემოზე ზეწოლას შეამცირებს და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნაში დაგვეხმარება.
წყარო : funtime