თეგებით ძიება

კახა კალაძე თბილისის კოშმარი გახდა - ლაშა ფარულავა

კახა კალაძე არის დედაქალაქში კორუფციის, გულგრილობის, დაუდევრობის სიმბოლო და მისი მმართველობა ყველას კოშმარად გვექცა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

ფარულავას განცხადებით, 4 ახალი კომპანია, რომელთანაც თბილისის მერიამ ხელშეკრულება გააფორმა, „ქართულ ოცნებასთან“ არიან დაკავშირებულები.

„კახა კალაძე თბილისის კოშმარი გახდა. ამას ჩვენი თანამოქალაქეები, თბილისელები აბსოლუტურად ყველგან გრძნობენ, როცა ავტომობილით გადაადგილდებიან, ისინი საცობში დგანან, როცა მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობენ, თავად ხედავენ როგორი სიმჭიდროვეა ავტობუსებში და ფაქტობრივად, ტრანსპორტში ვერ ადიან. ასევე, თქვენ კარგად იცით, მეტროსადგურებში რა მდგომარეობაა. მაგალითად: ვარკეთილის მეტროს ჭერი რა მდგომარეობაშია, ასევე, ავლაბრის მეტროსადგური, რომლის რეაბილიტაციის პროექტი კახა კალაძემ წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და დღემდე დაუსრულებელია. ყველგან, ყოველი ფეხის ნაბიჯზე არის პრობლემა, ეს ყველაფერი უკავშირდება კონკრეტულ კორუფციულ ინტერესებს. თბილისის მერია, თბილისის ბიუჯეტი არის „ქართული ოცნების“ საჯილდაო, ანუ ასე რომ ვთქვათ, კახა კალაძე თბილისელების ბიუჯეტს ხელისუფლების ფავორიტ კომპანიებს აძლევს, რომლებიც სამუშაოებს არაკეთილსინდისიერად ასრულებენ, მათი მხრიდან ადგილი აქვს: დაუდევრობას, გულგრილობას, რასაც მოჰყვება უხარისხო სამუშაოები ან კომპანიების მიერ სამუშაოების განსაზღვრულ ვადებში ვერ შესრულება. „ქართულმა ოცნებამ“ სახელმწიფო, მუნიციპალური ბიუჯეტი გამოიყენა იმისათვის, რომ საკუთარი კორუფციული ინტერესები დაიკმაყოფილონ.

შპს „ერ ტე დე“ არის „ქართული ოცნების“ კომპანია, იმიტომ, რომ მათი ფავორიტია. ყველას შეუძლია ტენდერების ვებ-გვერდზე შევიდეს და ნახოს რა მოცულობის სამუშაოები აქვს ხელისუფლებას შპს „ერ ტე დე“-სთვის მიცემული. უფრო კონკრეტულად, შპს „ერ ტე დე“ არის გარდაბანში, „ქართული ოცნების“ დეპუტატის კომპანია. როცა ამ კომპანიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციისთვის ტენდერი მიიღო, ორ კვირაში თბილისის მუნიციპალიტეტმა დააჯარიმა, იცით რატომ? - იმიტომ, რომ შესაბამისი ნებართვები არ ჰქონდა, რომ სამშენებლო სამუშაოები დაეწყო, ანუ თბილისის მერიამ ისეთი კომპანია შეარჩია, რომელსაც უკვე პრობლემა ჰქონდა.

გუშინ კახა კალაძემ განაცხადა, რომ „აუ, მაგრად ვხალისობდიო“. რა აქვს კახა კალაძეს სახალისო?! ვაკეში ვცხოვრობ და ბავშვი ვერ მიმყავს ვაკის პარკში, იმიტომ, რომ ისეთი ტრაგედია დატრიალდა, რომ ყველას გვერიდება იქ ბავშვების მიყვანა. აი, ამის შემდეგ კახა კალაძე თურმე რაღაცებზე ხალისობს დედაქალაქში!“, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

გარდა ამისა, ფარულავა პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რეალური მიზეზი, რის გამოც ის პოლიტიკაში დაბრუნდა არის საერთაშორისო სანქციები, რომელიც „ბიძინა ივანიშვილს უნდა რომ აირიდოს, მაგრამ ვერ აირიდებს“.

„ბიძინა ივანიშვილმა ბოლო წასვლისას თქვა, რომ „მე თუ მოვბრუნდები, ე.ი. უბედურება მოხდაო“, უბედურება კი არ მოხდა, საერთაშორისო სანქციები, როგორც დამოკლეს მახვილი, კისერზე ადევს, მას უნდა რომ აირიდოს, მაგრამ ვერ აირიდებს“, - აღნიშნა ფარულავამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა