"ბერძნული მაფიის" წევრების მკვლელობის საქმეზე ორი ქართველი დააკავეს - ბერძნული მედია
"ბერძნული მაფიის" ორი ძლიერი წევრის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ორი ქართველი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს. კიდევ ერთი მედია წერს, რომ დაკავებულები 29 და 39 წლის პირები არიან.
საქმე ეხება იანის სკაფტურუს, ვასილი რუბეტისისა და მისი მარჯვენა ხელის, დიონისე მუზაკიტის მკვლელობას, ასევე მკვლელობის მცდელობას პიეირაში. პირველი მათგანი 2022 წელს აპრილში მოკლეს, საკუთარ აგარაკზე, მკვლელობის მომდევნო ორი შემთხვევა კი 2023 წლის ივნისში მოხდა. რაც შეეხება მკვლელობის მცდელობას, დანაშაული 2023 წლის ივლისით თარიღდება.
ბერძნული გამოცემის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დანაშაულში მონაწილე ორი ქართველის გარდა კიდევ სამი პირის იდენტიფიცირება მოახდინეს. ისინი მაფიოზური ჯგუფის წევრები არიან. ერთი მათგანი სასჯელს უკვე იხდის საბერძნეთის ციხეში, ორმა მათგანმა კი ქვეყნიდან გაქცევა მოახერხა, მათზე ძებნა წითელი ცირკულარით არის გამოცხადებული.
პოლიციის ცნობით, დაკავებულები და 3 იდენტიფიცირებული პირი დაქირავებული მკვლელები იყვნენ.