წამების პრევენციის კომიტეტი სააკაშვილზე: „სათვალთვალო კამერა იღებდა მას საწოლში, რაც არა მხოლოდ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ხელყოფაა, არამედ მისი ღირსების უპატივცემულობაც“
„წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა“ კომიტეტის დელეგაციის საქართველოში განხორციელებული ვიზიტის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც „ვივამედის“ კლინიკაში არსებული ვითარებაა შეფასებული.
„ვივამედის“ კლინიკაში ვიზიტისას დელეგაციას ჰქონდა ძალიან კარგი თანამშრომლობა კლინიკის მენეჯმენტთან და პერსონალთან, განსაკუთრებით, ოთახებში წვდომისა და პაციენტებთან პირად საუბრის შესაძლებლობა, თუმცა, დელეგაციას არ მიეწოდა სრული, დაუყოვნებელი და შეუზღუდავი წვდომა შესაბამის სამედიცინო ფაილებზე და სხვა დოკუმენტაციაზე დაწესებულებაში ვიზიტის პირველ დღეს“, - აღნიშნულია ანგარიშში.
დოკუმენტის თანახმად, დელეგაცია შეხვდა გენერალურ დირექტორს, სამედიცინო დირექტორს და ზოგიერთ მკურნალ ექიმს და შეძლო გაცნობოდა სამედიცინო საქმეებს ვიზიტის მეორე დღეს.
„ვიზიტის დროს დელეგაციას არ გაუგია კლინიკა „ვივამედის“ სამ დაცულ პალატაზე მომუშავე პერსონალის მხრიდან პაციენტების მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ. როგორც ჩანს, ატმოსფერო მშვიდი იყო და რამდენიმე პაციენტმა დადებითად ისაუბრა როგორც ჯანდაცვის, ასევე საპატიმროს პერსონალის შესახებ, თუმცა დელეგაციას სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს პატიმართა ორი საჩივარი, რომელიც ეხებოდა კლინიკა „ვივამედის“ თანამშრომლების მხრიდან არასათანადო მოპყრობას“, - აღნიშნულია ანგარიშში.
დოკუმენტში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზეც არის საუბარი, რომელსაც ანგარიშის ავტორები, როგორც „პაციენტ C”-ს მოიხსენიებენ. ანგარიშში ნათქვამია, რომ დელეგაციას ეცნობა ბ-ნი C-ს ოფიციალური საჩივარი სასჯელაღსრულების თანამშრომლების მიერ სავარაუდო ფიზიკური არასათანადო მოპყრობის შესახებ, რომლებმაც ის 2021 წლის ნოემბერში გადაიყვანეს რუსთავის No12 ციხიდან ციხის საავადმყოფოში. მათივე განმარტებით, ბ-ნი C ამტკიცებდა, რომ სასჯელაღსრულების ხუთმა თანამშრომელმა მას შეურაცხყოფა მიაყენა, იატაკზე დააწვინა და რამდენჯერმე დაარტყა მუშტი.
მისი თქმით, რომ არასათანადო მოპყრობის საბაბი იყო ის, რომ სასჯელაღსრულების თანამშრომლებს მისი საათის წართმევა სურდათ, რომლის ტარებაც ციხის საავადმყოფოში, გავრცელებული ინფორმაციით, აკრძალული იყო. ამ ბრალდებებზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო.
„კომიტეტი ითხოვს ინფორმირებას ზემოაღნიშნული გამოძიების შედეგის შესახებ“, - აღნიშნულია ანგარიშში.
დოკუმენტის თანახმად, დელეგაციამ, ასევე, გამოავლინა რეალური ინდივიდუალური მკურნალობის გეგმების და მულტიდისციპლინური მიდგომის არარსებობა, ექიმებს, როგორც ჩანს, მცირე ან საერთოდ არ აქვთ ცოდნა იმ მკურნალობის შესახებ, რომელსაც პაციენტებს უტარებენ მათი სხვადასხვა სპეციალობის კოლეგები უტარებენ. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ბატონი C-ის შემთხვევაში, აღმოჩნდა, რომ მისი ზოგიერთი სიმპტომი და პათოლოგიური აღმოჩენა მაინც არ იყო საკმარისად გამოკვლეული.
„კომიტეტი რეკომენდაციას უწევს აღნიშნული ხარვეზების აღმოფხვრას“, - აღნიშნულია ანგარიშში.
„კიდევ ერთი სერიოზული ნაკლი იყო ის, რომ კლინიკაში არ მუშაობდნენ არც ფსიქიატრი და არც კლინიკური ფსიქოლოგები. წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტი“ რეკომენდაციას იძლევა, რომ გადაიდგას ნაბიჯები კლინიკის „ვივამედის“ დაცულ პალატაში გადაყვანილ პატიმრებზე ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის (მათ შორის ფსიქოლოგიური დახმარების) ხელმისაწვდომობა გაუმჯობესდეს.
მე-5 სართულზე (სადაც ბატონი C იყო განთავსებული), ატმოსფერო კიდევ უფრო დამთრგუნველი იყო სათვალთვალო კამერების არსებობის გამო. მის ოთახებში განთავსებული იყო 3 სათვალთვალო კამერა, რომელთაგან ერთი მუდმივად იღებდა მას საწოლში. ეს არა მხოლოდ პაციენტის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ხელყოფა იყო, არამედ მისი ადამიანური ღირსების მიმართ უპატივცემულობაც.
აშკარა იყო, რომ სათვალთვალო მონიტორინგის მიზანს არანაირი კავშირი არ ჰქონდა თერაპიულ პროცესთან. პაციენტზე მეთვალყურეობას უპირველეს ყოვლისა ახორციელებდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებების თანამშრომლები და არა ჯანდაცვის პერსონალი.
იმის გათვალისწინებით, რომ, გამონაკლისის გარეშე, ყველა სამედიცინო კონსულტაცია და პროცედურა ჩატარდა კამერით დაფარულ ოთახებში, დელეგაციის ექიმებს არ გაჰკვირვებიათ, რომ მას არ ჰქონდა ნდობა პერსონალის მიმართ და რომ შიშობდა, რომ სენსიტიური ინფორმაცია მის სამედიცინო მდგომარეობასთან დაკავშირებით გადაეცემოდა ციხის ადმინისტრაციას და სხვა არაუფლებამოსილ პირებს (ჟურნალისტების ჩათვლით).
შეჯამებისთვის, „ვივამედის“ კლინიკის მე-4, მე-5 და მე-6 სართულებზე უსაფრთხოების ზომები გადაჭარბებული და შეუთავსებელი იყო თერაპიული გარემოს შექმნასთან. მე-5 სართულზე, პროცედურებისას ადგილი ჰქონდა სამედიცინო კონფიდენციალურობის სრულ უარყოფას, რამაც დააზიანა საჭირო ნდობა პაციენტსა და ჯანდაცვის პერსონალს შორის და შეარყია მისი სამედიცინო მდგომარეობის გაუმჯობესების პერსპექტივები“, - აღნიშნულია ანგარიშში.