ესტონეთი მოსკოვის საპატრიარქოს ეკლესიის წინამძღვარს ქვეყანას ატოვებინებს
„ესტონეთმა გადაწყვიტა, უარი თქვას მიტროპოლიტ ევგენის (იგივე, ვალერი რეშეტნიკოვის) დროებითი ბინადრობის ნებართვის ვადის გაგრძელებზე, რადგან მისი საჯარო ქმედებები და განცხადებები მხარს უჭერს აგრესორს. ამასთან, გაფრთხილების მიუხედავად, მან თავისი ქცევა არ შეცვალა“, - ნათქვამია პოლიციისა და საზღვრის დაცვის სამსახურის (PPA) ჩრდილოეთის პრეფექტურის ხელმძღვანელის, ინდრეკ არუს პრესრელიზში.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები არაერთხელ შეხვდნენ რეშეტნიკოვს, რათა აეხსნათ, რომ მას, თავის განცხადებებში, უნდა შეეწყვიტა კრემლის რეჟიმისა და რუსეთის სამხედრო ქმედებების გამართლება. მაგრამ, გაფრთხილების მიუხედავად, რეშეტნიკოვმა არ შეცვალა თავისი ქცევა, რომელიც შეუთავსებელია ესტონეთის ღირებულებებთან და სამართლებრივ გარემოსთან. ამიტომ, რეშეტნიკოვის ქმედებები საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას“, - აცხადებს PPA.
6 თებერვალს იწურება რეშეტნიკოვის დროებითი ბინადრობის ნებართვის ვადა, რომლის გაგრძელებაზე, ცოტა ხნის წინ, PPA-მ უარი თქვა.
პოლიცია განმარტავს, რომ რეშეტნიკოვის განცხადების განხილვისას, მხედველობაში მიიღეს მისი საქმიანობა ესტონეთში (მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლის რანგში), ასევე მისი საჯარო განცხადებები და მათი გავლენა შიდა უსაფრთხოებაზე. ნებართვის ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის გადაწყვეტილებაში თავისი წვლილი შეიტანა ესტონეთის შიდა უსაფრთხოების სამსახურმაც (ISS).
„ISS მიიჩნევს, რომ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი, როგორც რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაური, თანმიმდევრულად ამართლებდა და მხარს უჭერდა კრემლის რეჟიმის სისხლიან აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. როგორც მოსკოვის პატრიარქის, ისე მიტროპოლიტ ევგენის ქმედებებმა ხელი შეუწყო ესტონეთში რუსეთის პოლიტიკის გატარებას“, - განაცხადა ინდრეკ არუმ. მისივე თქმით, აუცილებელია იმის გათვალისწინებაც, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ესტონეთის პარლამენტმა (რიიგიკოგუმ) რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოაცხადა.
უკვე ოთხი წელია, რაც რეშეტნიკოვს ესტონეთში დროებითი ბინადრობის ნებართვა აქვს. უკანასკნელად ის ორი წლის წინ, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებამდე განახლდა.
ინდრეკ არუ დასძენს, რომ რეშეტნიკოვის ბინადრობის ნებართვის არგანახლების შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ მისი ქცევიდან გამომდინარეობს და მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ ესტონეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ან მის მორწმუნეებთან არავითარი კავშირი არ აქვს.