აშშ-მა რუსული ნავთობის გადამზიდავი ტანკერები დაასანქცირა
აშშ-ის ხაზინამ სანქციები დაუწესა არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში დაფუძნებულ გადამზიდავ სატანკერო კომპანია Hennesea Holdings-სა და 17 ტანკერს, რომლებსაც, საგარეო აქტივების კონტროლის ოფისის (Office of Foreign Assets Control-OFAC) მონაცემებით, რუსული ნავთობი გადაჰქონდათ.
OFAC-ის ცნობით, სანქციების სიაში შესული 17 ტანკერი რუსული ნავთობის ტრანსპორტირებას ლიბერიის დროშის ქვეშ ეწეოდნენ.
2023 წლის დეკემბერში შეერთებულმა შტატებმა რუსულ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე ზღვრული ფასის დაცვის მექანიზმი გაამკაცრა. ცვლილებების მიხედვით, ზღვრული ფასის დაცვის კოალიციის წევრი ქვეყნების მიმწოდებლებს მოეთხოვებათ, რუსული ნავთობის ყოველ ჩატვირთვა-გადატვირთვაზე თავიანთი კონტრაგენტებისგან დადასტურება მიიღონ. ამასთან, მიწოდების ჯაჭვის მონაწილეებმა, რომლებსაც, ტვირთის გადაზიდვა-დაზღვევის ხარჯების ჩათვლით, დეტალურ დამატებით ხარჯებზე აქვთ წვდომა, ეს მონაცემები მიწოდების ჯაჭვის მომდევნო მონაწილეებსაც უნდა გაუზიარონ.
G7-ის ქვეყნებმა (აშშ-მა, გერმანიამ, იაპონიამ, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, იტალიამ, კანადამ), ევროკავშირმა და ავსტრალიამ ე.წ. ზღვრული ფასის კოალიცია შექმნეს და 2022 წლის დეკემბერში ზღვით ტრანსპორტირებული რუსული ნავთობის შესასყიდ მაქსიმალურ ფასად ბარელზე 60 დოლარი დაადგინეს. ლიმიტირებული ფასი 2022 წლის 5 დეკემბრიდან კოალიციის ქვეყნებში რუსული ნავთობის იმპორტის ემბარგოსთან ერთად ამოქმედდა. მიზანი იყო რუსულ ნავთობზე დამოკიდებულებისა და, შესაბამისად, რუსეთის შემოსავლების შემცირება, რაც ბაზარზე დეფიციტის თავიდან აცილებით უნდა ყოფილიყო მიღწეული.
ამის შემდეგ რუსეთმა აღმოსავლეთში, ძირითადად, ინდოეთსა და ჩინეთში მიწოდების გადამისამართება მოახერხა, სადაც ნავთობს მნიშვნელოვანი ფასდაკლებით ყიდდა.
თუმცა ზღვრული ფასის კოალიციის ერთობლივ განცხადებაში წერია, რომ ამ შეზღუდვის შემოღებამ ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტიდან რუსეთის შემოსავლები მიმდინარე წლის იანვრიდან ნოემბრამდე პერიოდში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 32%-ით შეამცირა.
ამასთან, ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ყოველთვიურ ანგარიშში წერია, რომ რუსეთის ნავთობის საექსპორტო შემოსავალი 2023 წლის მხოლოდ დეკემბრის ბოლოსთვის 1,4 მლრდ დოლარით, მთლიანობაში კი 14,4 მლრდ დოლარამდე შემცირდა, რაც 2023 წლის ივნისის შემდეგ მინიმალური მაჩვენებელია.