თეგებით ძიება
19. 01. 2024 პერსონა

30 წლის მანძილზე ერთხელაც არ მინანია, რომ მას შევხვდი. ალბათ სწორედ ეს არის ბედნიერება - ბელა ალანია

მათი შეხვედრა ბედისწერას ჰგავდა - პროკურატურის ახალგაზრდა თანამშრომელმა საკუთარ დაბადების დღეზე ლამაზი პირველკურსელი გოგონა გაიცნო, რომელიც შემდეგ მისი მეუღლე გახდა. როგორ გაიცნო და რით მოხიბლა შალვა ნათელაშვილმა ბელა ალანია, რაში ეხმარება წერა, რა რეაქცია აქვს ჭორებზე და რა სამომავლო გეგმები აქვს - ამაზე TIA.GE-ს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის მეუღლე, მწერალი და პოეტი ბელა ალანია ესაუბრა:

– ერთმანეთს რომ შევხვდით, 17 წლის ვიყავი. შალვა პროურატურაში მუშაობდა და არასრულწლოვნების საქმეები ებარა. მოსკოვში ერთი ძალიან კარგი და ნიჭიერი ბიჭის საპყრობილედან დასახსნელად ჩამოვიდა, რომელიც ჟურნალისტიკის ფაკულტეტის პირველკურსელი და ჩემი ოჯახის ახლობელი იყო. როგორც გაირკვა, მეტროში მოხუცმა ქალმა მის გასაგონად ქართველები ცუდად მოიხსენია. ეს ბიჭი გაბრაზდა, მოხუცს თავიდან ქუდი მოხადა და გადაუგდო. მილიციამ მაშინვე დააკავა და ბრალად ხულიგნობა წაუყენა. ეს წარჩინებული სტუდენტი ინსტიტუტიდან გარიცხეს და რომ არა შალვა, მთელ ცხოვრებას დაუნგრევდნენ. ბიჭის ახლობლები ჩვენთან ცხოვრობდნენ და მათთან შესახვედრად შალვა პირდაპირ სახლში მომადგა. ეს იყო მაღალი, სიმპათიური, საოცრად მოწესრიგებული და თავისი ასაკისთვის უჩვეულოდ სერიოზული ახალგაზრდა კაცი, რომელიც შეუძლებელი იყო, რომ ქალს არ შეყვარებოდა. ისე მოხდა, რომ ერთმანეთი მისი დაბადების დღეს, 17 თებერვალს გავიცანით. წლები რომ გავიდა და ერთმანეთს გავუთამამდით, მითხრა, რომ მისი დაბადების დღის საჩუქარი ვიყავი.

შალვა ძალიან თბილი, ერთგული და უღალატო ადამიანია. აქვს საოცარი იუმორის გრძნობა, რომელიც იშვიათი ნიჭია. გვიკამათია და ერთმანეთზეც გავბრაზებულვართ კიდეც, მაგრამ 30 წლის მანძილზე ერთხელაც არ მინანია, რომ მას შევხვდი. ალბათ სწორედ ეს არის ბედნიერება. 

-  პოეტური სულის მქონე, მწერალ ქალს პოლიტიკოსის ცოლობა და მის საქმიანობასთან შეგუება ხომ არ გაგიჭირდათ?

- პოლიტიკა სახელმწიფოსა და ადამიანების უკეთესობისკენ შეცვლის ანუ კეთილდღეობისკენ მიმავალი გზაა. პოლიტიკოსობა კეთილშობილური საქმიანობაა, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენთან ერთგვარ საჯილდაო ქვად იქცა. ხელისუფლებაში მოდიან ადამიანები, რომლებიც ამომრჩეველზე ზრუნვის ნაცვლად, საკუთარი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაზე ზრუნავენ. მიუხედავად იმისა, რომ შალვა ხელისუფლებაში ვერ მოვიდა, პირდაპირ ვიტყოდი, რომ ჩვენ ჯოჯოხეთური გზა გავიარეთ. წლების განმავლობაში ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ამ ქვეყნის შვილები კი არა გერები ვიყავით და ჩვენი განადგურების რეჟიმი მუდმივად ჩართული იყო. სულ ვიყავით სამიზნე  იმისთვის, რომ ვიღაცას ჩვენთვის ტალახი და ჭორი ესროლა, თუმცა ასეთი წინააღმდეგობების გამო ადრე თუ გვიან, იმუნიტეტი გიმუშავდება. 

- თქვენ მოახერხეთ „იმუნიტეტის“ გამომუშავება?

- დიახ, მე უკვე  „აცრილი ვარ“ და ასეთ სირთულეებს ადვილად ვუმკლავდები, შალვაც ასეა. ჩვენს ადგილზე ნებისმიერი ადამიანი დაიხურავდა ქუდს, დაემშვიდობებოდა ყველას და წავიდოდა. იცით რამდენი შრომა, ენერგია, სასამართლო პროცესი და  უძილო ღამე დასჭირდა დენისა და გაზის გაიაფებას, 100 000 პედაგოგის სამსახურში დატოვებას, რომლებსაც ხელის ერთი მოსმით უპირებდნენ გაყრას, ონკოლოგიური პეციენტებისვის სახელმწიფო დაფინანსების მოპოვებას და ა.შ.  რომელი ერთი გავიხსენო..  ჩვენ მოვახერხეთ, რომ სასწრაფო დახმარება, რომელიც 22 წელია თბილისში დადის და მილიონობით ადამიანი გადაარჩინა, მოვახერხეთ, რომ სკოლის დამამთავრებელი კლასები, რომელიც ფასიანი უნდა გაეხადათ, უფასო დარჩა. ეს რომ განხორციელებულიყო,სოფლ ებში და რაიონებში ბევრი ვერ შეძლებდა სწავლის გადასახადის გადახდას და მალე წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება დაგვჭირდებოდა. ეს ყველაფერი შალვას პარტიის დამსახურება და ამით ძალიან ამაყი ვარ. მის გარდა, ვერ დამისახელებთ  პოლიტიკოსს, რომელმაც სახელმწიფოს მიერ მივლინებისთვის გამოყოფილი 10 000 ფუნტი სტერლინგი მთლიანად ბიუჯეტში დააბრუნა. 

- რატომ დააბრუნა?

- პარლამენტიდან ინგლისში გაგზავნეს, მაგრამ ისე მოხდა, რომ იქ სხვამ უმასპინძლა და შალვამ მივლინების ფული ხელუხლებლად დააბრუნა. იმ დროს 10 000 ფუნტი სტერლინგი თბილისში სამოთახიანი ბინის ფასი იყო, ჩვენ კი მაშინ ნუცუბიძის პლატოზე, ოთახნახევრიან ბინაში ვცხოვრობდით.  შალვამ მაგალითი აჩვენა, როგორ უნდა გავუფრთხილდეთ სამშობლოს ყველა კაპიკს და ასეთი უამრავი მაგალითის მოყვანა შემიძლია..  

რაც შეეხება თქვენს კითხვას, მწერალი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, თუმცა იმან, რასაც ვწერ და ვქმნი, ნამდვილად გადამარჩინა. ეს იყო ალბათ ხსნა იმისთვის, რომ არ მოვმკვდარიყავი. სხვაგვარად, ძალიან რთული იქნებოდა ისეთი უსამართლობს გადატანა, როცა სოციოლოგიურ კვლევებს და გამოკითხვებს ატარებ, იცი რამდენი გაქვს რეიტინგი და მხარდამჭერთა რიცხვი და მაინც 5%-იანი რეიტინგის ნაცვლად, 4,9 გიწერენ, 3%-იანის ნაცვლად, 2,9 და ა.შ. სამწუხაროდ, საქართველოში პოლიტიკა ძალიან სამარცხვინო დონემდე დაეცა. ასეთი კულტურის მქონე ქვეყანაში, სადაც პარლამენტარიზმის ელემენტები მე-12 საუკუნიდან გვაქვს, დღისით-მზისით ყაჩაღობა ხდება. უკვე დაიწყეს ღამ-ღამობით სიარული - ბანკის ვალი გაქვს? გადაგიხდი! შვილის სწავლის ფული გჭირდება? გადაგიხდი! მახსოვს,  ოცნების კოორდინატორი ბაზალეთის საარჩევნო უბანთან იდგა და ხალხს „ოცნების“ შემოხაზვისთვის ასანთის კოლოფში ჩადებულ 50 ლარებს ურიგებდა. როგორ შეიძლება დავით აღმაშენებლის ქვეყანა ამ დონეზე დავიდეს? 

- ცნობილი ადამიანების ცხოვრებას ჭორები მუდმივად ახლავს.  საკუთარ თავზე და ოჯახზე ყველაზე დაუჯერებელი ჭორი რა მოგისმენიათ?

- რამდენიც გნებავთ იმდენი. ამერიკაში ადამიანი რომელიღაც ემიგრანტის დავალებით ძალიან ფეშენებელური სახლის წინ იდგა და აცხადებდა, რომ ეს შალვა ნათელაშვილის სახლია, გვერდით, მეორე სახლი კი ჩვენი შვილის, ბექასია. საერთოდ, მატერიალისტი არ ვარ, იდეალისტი ვარ, მაგრამ ეს რომ ვნახე, ცხოვრებაში პირველად მომინდა, რომ ეს ორი სახლი მართლა ჩვენი ყოფილიყო და ქართველებისთვის უდიდესი კულტურული ცენტრი გამეხსნა. იქ გავაკეთებდით ბიბლიოთეკას, ქართულ სკოლას, ბაღს, ქართული კინოს და საგამოფენო დარბაზს და პოეზიის საღამოებს ჩავატარებდით. ბევრს დღესაც ჰგონია, რომ ჩვენი სახლები იყო. ამასწინათ ტაქსის მძღოლმა მკითხა - ის ორი სახლი გვერდიგვერდ არის თუ დაცილებულიაო? მე ვუპასუხე მარტო ორი სახლი რატომ? თქვენ ის არ იცით მე და დაკოსაც (მეორე შვილი) რომ გვაქვს სახლები თქო. ამაზე შეიძლება უბრალოდ იხუმრო, სერიოზულად როგორ უნდა ისაუბრო? მეორე ჭორი იყო, რომ ამერიკიდან ერთმა ქალბატონმა დამირეკა, რომელსაც ფეისბუქიდან ვიცნობდი და ძალიან მორიდებით, შვილის ქორწილისთვის ტორტი შემიკვეთა. დიდი ხნის მერე მივხვდი, რომ საცხობი „ბელას ტორტები“ რომ არის, ჩემი ეგონა.

- არჩევნებზე შალვა ნათელაშვილის გარდა, ხმას ვის მისცემდით?

- ამ კითხვაზე ვერ გიპასუხებთ, რადგან რეკლამა გამომივა.

- მაშინ, იქნებ თქვენს სამომავლო გეგებზე გვიამბოთ.

- ჩემი სამომავლო გეგმაა, რომ ჩემი პროზაული ნამუშევრები გამოვცე. ეს საკმაოდ სქეტანიანი წიგნია, მაგრამ  სამწუხაროდ, ჯერჯერობით მის გამოსაცემად ფინანსები არ მაქვს და ორი წელია მიდევს, მაგრამ ალბათ სანამ ცოცხალი ვარ, გამოვა. ამის იმედი მაქვს. როგორც ყველას, მეც მაქვს ღმერთთან ჩემი სათხოვარი,  მაგრამ ამასწინათ შალვამ მითხრა, რომ უფალი ზედმეტად არ შევაწუხო ისეთი თხოვნით რაც სათხოვარი არაა. მაგალითად, უფალს პოლიტიკა, წარმატება და ასეთები არასოდეს თხოვო, მარტო ის ითხოვე, რომ ჯანმრთელები ვიყოთ და შვილები ბედნიერები გვყავდეს და დანარჩენი ჩვენ თვითონ უნდა ვაკეთოთო. ასე, რომ შალვა ძალიან თავმდაბალი და უბრალო ადამიანია და ამ უბრალოებაში ძალიან ბევრი ბრალიანობაა. და ბოლოს, ვფიქრობ, რომ ქვეყნითვის ძალიან მნიშვნელოვან საარჩევნო წელს საქართველო გაიმარჯვებს და ამაში შალვა ნათელაშვილის ძალიან დიდი წვლილი იქნება. 

- წარმატებებს გისურვებთ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა