თეგებით ძიება

მოკლული 14 წლის აითაჯ შახმაროვას დედის, ბრალდებულ ეგანა მაგარამოვას ადვოკატის განცხადებით, სახლიდან გაქცეულ არასრულწლოვანს გამტაცებლის სახლში დარჩენას ბიძა ურჩევდა

მოკლული 14 წლის აითაჯ შახმაროვას დედის, ბრალდებულ ეგანა მაგარამოვას ადვოკატის, ალი ბადიროვის განცხადებით, სახლიდან გაქცეულ არასრულწლოვანს გამტაცებლის სახლში დარჩენას მისი ბიძა ურჩევდა.

თუმცა, როგორც ადვოკატი განმარტავს, იძულებას არც დედის და არც გოგონას ბიძის მხრიდან ადგილი არ ჰქონია და ეს მხოლოდ რჩევის დონეზე იყო.

„მიმაჩნია, რომ ბრალდებულების დებს რაიმე მნიშვნელოვანი სასამართლოსთვის და პროკურატურის გასახარებელი ინფორმაცია არ მოუწოდებიათ. მოწმემ თქვა, რომ აითაჯი ნიშნობის დროს ბედნიერი იყო, უხაროდა, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია. გათხოვებაზე არაფერი უსაუბრიათ, ამბობდნენ რომ დანიშნულები იყვნენ“, - განაცხადა ადვოკატმა.

კითხვაზე, თუ რატომ დააბრუნა გაქცეული არასრულწლოვანი შვილი დედამ გამტაცებლის სახლში, ადვოკატი აცხადებს, რომ მას სიძე, ალიმ სადიკოვი ემუქრებოდა.

„ეგანასგან ვიცი, ერთ-ერთი ვინც მას ემუქრებოდა და რომ აითაჯი აუცილებლად უნდა დაებრუნებინა იმ სახლში, ალიმ სადიკოვი იყო. თუმცა, ეს დასაზუსტებელი მაქვს, ტელეფონში ემუქრებოდა, თუ ადგილზე იყო ბრლადებული. ერთ-ერთი მოწმის ჩვენებით, ნატიკმა ეგანას უთხრა დაბრუნდით იორმუღანლოშიო, რასაც აითაჯიც და ეგანაც დაემორჩილაო. როცა დაბრუნდნენ, ეგანა აითაჯს ურჩევდა, არ დარჩენილიყო, ნატიკი ურჩევდა, შენი ბედნიერებისთვის დარჩენა სასურველიაო, აითაჯმა ბიძის რჩევა გაითვალისწინა. იძულებას არც ერთის მხრიდან ადგილი არ ჰქონია. ბიძა მომხრე იყო აითაჯის დარჩენის, დედა არა, აითაჯმა ბიძის რჩევა გაითვალისწინა“, - განაცხადა ბადიროვმა.

ცნობისთვის, 14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე არასრულწლოვნის დედა ეგანა მაგარამოვა და ბიძა ნატიკ მაგარამოვი დააკავეს. ისინი წაყენებულ ბრალს არ აღიარებენ. მათი განმარტებით, გოგონა საკუთარი სურვილით, ყოველგვარი იძულების გარეშე გათხოვდა. რაც შეეხება აითაჯ შახმაროვას მკვლელობას, აღნიშნულზე ალიმ სადიკოვი დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ე“ „თ“ და „კ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი გენდერის ნიშნით), 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საგარეჯოს სოფელ ლამბალოში, 14 წლის აითაჯ შახმაროვა 6 ოქტომბერს მოკლეს. მოკლული არასრულწლოვანი წარმოშობით დმანისის სოფელ მამიშლოდან იყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა