ნორვეგიის პრინცესა ჯარში მიდის
ნორვეგიის პრინცესა, ინგრიდ ალექსანდრა თავის პირველ ნამდვილ სამხედრო წვრთნას ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში იწყებს და მომდევნო თორმეტ თვეს საინჟინრო ბატალიონის შემადგენლობაში გაატარებს. ცხრამეტი წლის არისტოკრატი ნორვეგიის ტახტის მემკვიდრის, კრონპრინც ჰააკონის უფროსი შვილია და ამდენად, სამეფო გვირგვინის მიღების ხაზით, მის შემდეგ, მეორე პირია.
ჩრდილოეთ ნორვეგიაში მზე, დაახლოებით, დილის 11 საათზე ამოდის და შუადღიდან ერთი საათის შემდეგ ჩადის. პრინცესა ინგრიდ ალექსანდრა და სხვა წვევამდელები ხანმოკლე პოლარულ დღეს ღია ცის ქვეშ, ბინდის საათებს კი დერეფნებში ატარებენ და სამხედრო საქმის საფუძვლებს სწავლობენ.
აქამდე პრინცესა სასახლეებში ცხოვრობდა, მაგრამ აქ ის სხვებისგან არაფრით განსხვავდება. „მან ისევე უნდა მორეცხოს იატაკი, როგორც ყველამ, მოუაროს თავის ოთახს, მოაწესრიგოს საწოლი და იაროს კლასში. მის მიმართაც იგივე მოთხოვნები არსებობს, როგორიც ყველა სხვა ახალწვეულის მიმართ“, - ამბობს საინჟინრო ბატალიონის ასეულის მეთაური, ჰოგენ ვანგსნესი.
ნორვეგიის მეფე, ჰარალდ V თავის შვილიშვილში, მისი დაბადების მომენტიდან, საკუთარ თავს ხედავს. მათი სიახლოვე აშკარად გამოჩნდა პრინცესას მე-18 დაბადების დღის აღსანიშნავ ზეიმზე, რომელსაც ევროპის სამეფო ოჯახების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. „მე არაერთხელ გითხარი - იყავი ისეთი, როგორიც ხარ და გჯეროდეს, რომ ეს ყოველთვის საკმარისია“, - ასე მიმართა მაშინ მონარქმა შვილიშვილს და მას ოჯახის დევიზი, - „ყველაფერი ნორვეგიისთვის“,- შეახსენა.
არმია და სხვა ევროპული პრინცესები
მე-18 დაბადების დღეზე პრინცესამ საჩუქარი ნორვეგიის შეიარაღებული ძალებისგანაც მიიღო, რაც იმაში გამოიხატა, რომ მას ყველა ქვედანაყოფის მონახულების უფლება მისცეს. ინგრიდმა არჩევანი გააკეთა ნორვეგიის პოლარული რეგიონებზე - სასარგებლო წიაღისეულის საბადოების ადგილზე, რომლის ირგვლივაც განუწყვეტელი დავები მიმდინარეობს და რომელსაც სკანდინავიური ქვეყანა გულმოდგინედ იცავს.
ინგრიდ ალექსანდრა თავგადაკლული სპორტსმენია და არ გაურბის სპორტდარბაზში სიარულს, ადრენალინის გამოსაყოფი ვარჯიშების შესასრულებლად. ცოდნა, რომელსაც ჯარში მიიღებს, მაშინ გამოადგება, როდესაც სამეფო ტახტზე ბაბუას და მამას შეცვლის.
სამშობლოს დაცვის საქმეს ესპანეთის ტახტის მემკვიდრე, პრინცესა ლეონორიც შეეჭიდა, როდესაც სარაგოსას სამხედრო აკადემიაში იუნკრად ჩაირიცხა. ერთწლიანი სამხედრო მომზადება ბელგიის ტახტის მემკვიდრემ, პრინცესა ელიზაბეტმაც გაიარა.
ნორვეგია ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) ერთ-ერთი დამფუძნებელია. ამ ქვეყანაში, თვრამეტი წელზე უფროსი ასაკის ყველა პირი წელიწადნახევრიან სავალდებულო სამსახურს სამსახურს ექვემდებარება. ჯარში აქ, ყოველწლიურად, დაახლოებით ცხრა ათას ახალგაზრდა ვაჟსა და ქალი იწვევენ.