წარმატებული სტარტაპერი იყო, 4 მცირეწლოვანი შვილი დარჩა... - ვინ არის ბაკურიანში გარდაცვლილი ახალგაზრდა?
ბაკურიანში თხილამურებით სრიალის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა.
გარდაცვლილია გიორგი ტუხაშვილი, რომელიც დედასთან, მეუღლესა და 4 მცირეწლოვან შვილთან ერთად სამთო კურორტზე ისვენებდა.
ის წარმატებული სტარტაპერი იყო. წლები კონსალტინგის მიმართულებით მუშაობდა. ეხმარებოდა კომერციულ და არაკომერციულ ორგანიზაციებს და წარმატებით აშენებდა სტარტაპ ეკო-სისტემას. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა Startup Grind Tbilisi-ის ზრდაში, რაც სტარტაპებისა და ტექნოლოგიური კომპანიებისთვის ხელშესახებ ღირებულებას ქმნის.
გიორგი 2 წლის წინ მარტივი ინვოისირებისა და ფინანსური ხელსაწყოების სტარტაპ Kernel-ის თანადამფუძნებელი გახდა. თავდაპირველად ის კომპანიის პროდუქტის გუნდს ხელმძღვანელობდა.
ცნობისთვის, უბედური შემთხვევა დღის მეორე ნახევარში, ერთ-ერთ სათხილამურო ტრასაზე, სრიალისას მოხდა. 35 წლამდე ასაკის კაცი მოზარდს დაეჯახა, რომელიც შემთხვევის დროს დაშავდა. ახალგაზრდა კაცი კი, ადგილზე მისულ სასწრაფოს ჯგუფს გარდაცვლილი დახვდა. დაშავებული მოზარდი კლინიკაშია გადაყვანილი. გავრცელებული ინფორმაციით, მას დაზიანება ქვედა კიდურების არეში აქვს.
„პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. დამატებითი დეტალები უცნობია.