თეგებით ძიება

უნდა დავივიწყოთ მიხეილ სააკაშვილი, ვაცადოთ, მოიხადოს სასჯელი - შალვა პაპუაშვილი

ჩემი პოზიციაა, რომ უნდა დავივიწყოთ მიხეილ სააკაშვილი, ვაცადოთ მას, რომ მოიხადოს თავისი სასჯელი, ის კლინიკაში იქნება, თუ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ამას გადაწყვეტენ ექიმები და თავად პენიტენციური სისტემა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განუცხადა.

მისი თქმით, პრობლემაა, რომ მიხეილ სააკაშვილს მფარველობენ ძლიერი ჯგუფები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.

„რაც უფრო მეტად დაავიწყებენ „ნაციონალური მოძრაობის“ და „ლელოს“ ტელევიზიები მის თავს საზოგადოებას, მით უფრო კარგი თავად სააკაშვილისთვის, მისი ჯანმრთელობისთვის და საზოგადოებისთვის. მაგრამ პრობლემაც ესაა, რომ სააკაშვილს როგორც ჩანს, ძლიერი ჯგუფები მფარველობენ ქვეყნის შიგნით და გარეთ. იმდენად ძლიერი ჯგუფია, შეძლეს უცხოურ მედიაში ეყიდათ სტატიები, სიუჟეტები, პოლიტიკოსების განცხადებები, იქამდეც კი მივიდნენ რომ ევროპარლამენტის რეზოლუციებში ტექსტები ჩაწერეს ლობისტებმა.

ამერიკული რეესტრიდან ამონაწერით გავარკვიეთ, რომ ამერიკელი ლობისტები წერდნენ რეზოლუციებს, რომელსაც ევროპარლამენტი იღებდა საქართველოსა და მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რომელიც სავსე იყო ტყუილით და დეზინფორმაციით.

2 წელზე მეტი გავიდა, რაც მიხეილ სააკაშვილი საქართველოში შემოაპარეს. სამწუხაროდ, ბევრმა შეირცხვინა თავი ქართველი ხალხის წინაშე იმით, რომ მხარს უჭერდნენ ტირანიისა და ადამიანის ჩაგვრის სისტემის შემქმნელს და მეორე, მოქმედებდნენ ანტიქართული. ფარული გეგმებით, იმით, რომ მას ევროპაში, სხვადასხვა ქვეყანაში აფარებდნენ და სხვადასხვა სტრუქტურების დერეფნებში თავისუფლად დადიოდა. შერცხვნენ იმიტომ, რომ საქართველოში ჩუმად შემოაპარეს.

ვიცით, რომ უკრაინის კონტრდაზვერვამ დაუგეგმა მას შემოსვლა.ვინ დგას უკრაინის კონტრდაზვერვის უკან, ეს კიდევ ცალკე საკითხია. ფაქტია, რომ შემოაპარეს, რათა საქართველოში მომხდარიყო არეულობა, ქართველები ერთმანეთს დავრეულიყავით. აქ ვისი ტყვია გავარდებოდა და ვისი სისხლი დაიღვრებოდა, როგორც ჩანს, არ აინტერესებთ მათ, ვინც მიხეილ სააკაშვილის მფარველია, რომლებიც საჯაროდაც ჩანან და ექომაგებიან მას ყოველ ჯერზე. ქართველმა ხალხმა ეს უნდა გააცნობიერო, თუ რა ბოროტ ძალასთან გვაქვს საქმე, როდესაც მიხეილ სააკაშვილის მფარველებზე ვსაუბრობთ. მეორე, საქართველოს ხელისუფლებას როგორი წინააღმდეგობის გაწევა უწევდა, რათა ის გეგმები, რომლებიც ამ ძალებს ჰქონდათ დასახული ქართველი ხალხის წინააღმდეგ, არ შესრულებულიყო“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა