თეგებით ძიება

ყველაზე ჭეშმარიტი 12 სიმართლე ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ვერძი

ვერძი ძალიან ცუდ ხასიათზეა. მსოფლიო კატაკლიზმებისა და მომავალი არჩევნების ფონზე ხალხი ისე დაფეთდა, ოღონდ 2025 წლამდე ცოცხლებმა მივაღწიოთო და ყველამ თითო ცხვარი შეუთქვა ლომისას. ძოვს ახლა მწვანილს საახალწლო სუფრაზე და ფიქრობს, ისეთი რა ქნას, ისინიც გადარჩნენ და თვითონაც იცოცხლოს.

კურო

კუროს მთელი წელი კორიდა ჰქონდა. ხან ვინ აუფრიალებდა წითელ ალამს, აი, ისეთს, სსრკ-ს სუნი რომ ასდის, ცხვირწინ, ხან - ვინ. ესეც სულ ქუჩაში დარბოდა გამწარებული, ევროკავშირის დროშით. ბოლო ტორეადორი რქებზე წამოცმული მიიტანა სახლში და ცოლს ფეხებთან დაუგდო, დროზე იტირე და საღამომდე დამარხეო. ახლა თითქოს მშვიდობაა, მაგრამ მაინც ნერვიულობს, რამე მოწითალო 2024-შიც თუ დაინახა, ისევ გადაირევა.

ტყუპები

ამათ თადარიგი დაიჭირეს. ერთი სამთავრობო პარტიაში შევიდა, მეორე - ოპოზიციურში. არჩევნების შემდეგ რომელიმე მაინც მოხვდება პარლამენტში და სესიებზეც ერთმანეთს შეენაცვლებიან. მაინც ვერავინ არჩევთ - სახითაც ჰგვანან, ტანსაცმელიც ერთნაირი აცვიათ და კვების რეჟიმიც მსგავსი აქვთ, რომ შემთხვევით რომელიმე არ გასუქდეს. მართალია, ჟურნალისტები ამბობენ, ჩვენ ვარჩევთ, ერთი მათგანი სიტყვა „რეგიონალურს“ სწორად ამბობსო, მაგრამ ჟურნალისტების ხალხს დიდად არ სჯერა.

კიბორჩხალა

ამას ჭამა უყვარს. გასულ წელს რამდენჯერაც ნერვები მოეშალა, იმდენჯერ მაცივარი გამოაღო. საბოლოოდ ისე გასუქდა, ტანკად იქცა და ორჭოსანთან აუხვია. ვეჭვობ, სანამ 2024 არ ჩაივლის, ეგ იქიდან დამბრუნებელი არ არის.

ლომი

ამას თბილისის ზოოპარკი ამოუვიდა ყელში. ჯერ იყო, სახარება ამოიჩარა და ტყეში წავიდა, მგლებს უნდა წავუკითხოო. მერე კაქტუსის ფორმაში გადაცმული აშშ-ში აპირებდა გადაპარვას, მაგრამ კუდმა გაყიდა და მექსიკის საზღვრიდან უკან მოაბრუნეს. ახლა გეგმავს, ევროპის რომელიმე ზოოპარკს ჩაბარდეს. ვინმე იფიქრებს, აქ ვერ უვლიან და იმიტომო. მაგრამ როგორ არ უვლიან! უბრალოდ ლომია და მეტი უნდა, დაიღალა ვარაზისხევის ყურებით.

სასწორი

ამაზე ცოდვა-მადლი იწონება. ამბობენ, თამარ მეფეს ჰქონდა და ცოტა ხანი ლაშა-გიორგისაც, მაგრამ მონღოლების შემოსევისას ხევსურებმა მთებში გადამალეს და თვითონაც ვეღარ მიაგნესო. ლეგენდის თანახმად, მეორედ მოსვლის წინ ეს სასწორი სასწაულებრივად უნდა გამოჩნდეს, მანამდე კი ხალხს და მთავრობას, 2024 წელსაც, ცოდვა-მადლის საზღაური მხოლოდ თვალის ზომით მიეგება.

ქალწული

ეს ბოლოს და ბოლოს მიხვდა, რომ მარტო ცხოვრებას თავისი ხიბლი აქვს და 2024-შიც ამ კუთხით აპირებს განვითარებას. იმდენი წიგნი წაიკითხა და იმდენი იფიქრა, რომ ყველა ის საკითხი გადაჭრა, რაც კაცობრიობას აქამდე აწუხებდა ან ამის მერე შეაწუხებს. ახლა სერიოზული საკითხები აღარ დარჩა და უძილობისას მთელი ღამე ასეთ სისულელებზე იმტვრევს თავს: „ნეტავ, ასტროლოგიურ რუკაზე აფხაზეთი ცალკეა თუ საქართველოს ფარგლებში?“; „კომპიუტერში ინფორმაციას რომ ჩატვირთავ, კომპიუტერი წონაში იმატებს?“; „სანამ ყავა შემოვიდოდა, ყავისფერს რა ერქვა?“; „სახის კრემის ხელზე წასმა რატომ არ შეიძლება, რადგან ხელს მიმიკური ნაოჭები არა აქვს?“...

მორიელი

2023 წელი ამანაც თეთრად გაათენა. უძრავი ქონების აგენტია და გული გაუსკდა, აგენტების კანონი თუ მიიღეს, დამიჭერენო. ქალაქში რაც ბინები ჰქონდა, ყველა გაყიდა და წყალტუბოს მღვიმეში შესახლდა, თან თავისთვის ბუტბუტებდა, 2024 წლამდე აქ ვიჯდები, სანამ მშვიდობა არ ჩამოვარდებაო.

მშვილდოსანი

ეს ახალ წელს ისე დათვრა, გლდანში ძაღლებს დასდევდა არბალეტით. ახლა პოლიცია დასდევს, რომ 2024 წელი ციხეში გაატარებინოს. „ასეთია ეს ცხოვრება, ხან ძაღლებს დასდევ, ხან ძაღლები დაგსდევენ“, - ბრძნულად შენიშნა ადგილობრივმა ქურდმა გლდანის ციხეში, ფანჯარას მოშორდა და ზედა ნარზე აძვრა დასაძინებლად.

მერწყული

მერწყული ერთადერთი ადამიანია ზოდიაქოს რკალში. ადამიანი 2023 წელს ყველას გამორჩა და ამიტომ მეც გამოვტოვებ. არაფერს ვიტყვი.

თხის რქა

თხის რქას ფული კი უყვარს, მაგრამ მთელი მისი ცხოვრება მაინც თხა გავყიდე, თხა ვიყიდეა. თან გულში ჩუმად ოცნებობს, ნეტავ, 2024-ში ვინმე ფულიანმა მეც მიყიდოს და ავშენდეო, მაგრამ რა ვიცი, აბა, გასაყიდი რაც იყო, უკვე გაიყიდა.

თევზები

2024-ში ისე შეცურეს, არც გაუგიათ. არც ამის მერე აპირებენ რამე შეიმჩნიონ. არც არჩევნებზე წასვლა უნდათ, ელექტრონულია და დენს დაგვარტყამსო. ბიჭვინთა რომ რუსეთს გადაეცა, ამაზე კი ინერვიულეს ცოტა და ოჩამჩირის პორტზეც აღშფოთდნენ, მაგრამ მაგათ ბრაზი მალე გადაუვლით ხოლმე. ბოლოს რომ ვნახე, ბათუმში სანაპიროსთან დაცურავდნენ და წყალქვეშა ნავს ლექსებს უკითხავდნენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა