წერილი ქუთაისის ციხიდან, უკრაინელ პატიმარს პუტინის არმიაში მსახურობის სანაცვლოდ, გათავისუფლებას პირდებოდნენ
პუტინის არმიაში მსახური თავისუფლების სანაცვლოდ და მისივე სამშობლოს წინააღმდეგ ფრონტზე წასვლა. უკრაინელი პატიმრის სკანდალური წერილი ქუთაისის ციხიდან. წერილის ავტორი არ ასახელებს ვინ ცდილობდა საპატიმრო დაწესებულებაში მის გადაბირებას, მაგრამ პატიმარი წერს რომ ამის დადგენა ძალიან მარტივია. პირობა ასეთი იყო - თუ რუსეთის არმიასთან კონტრაქტს გააფორმებდა და მათ მოქალაქეობის მიიღება, ამის სანაცვლოდ ციხიდან დაუყოვნებლივ გაათავისუფლებდნენ.
"ქუთაისის ნომერ მეორე საპატიმროში ჩემი ყოფნის პერიოდში, ჩემი, როგორც უკრაინის მოქალაქის გადაბირებას ცდილობდნენ, რათა რუსულ არმიაში მებრძოლა...
სამწუხაროდ, გასაგები მიზეზების გამო, არ შემიძლია დავასახელო ვინაობა ხელისუფლების იმ წარმომადგენლების, ვინც მთავაზობდა მაცდურ პირობებს. მპირდებოდნენ მეორე დღესვე გათავისუფლებას თუ შეთანხმებას ხელს მოვაწერდი.
მათი შემოთავაზებების სპექტრი ერთფეროვანია: ან გადაიხადე 10-დან 50 ათას დოლარამდე, რაც ჩემთვის შეუძლებელია, რადგან თანხა უბრალოდ არ მაქვს, ან რუსეთის არმიასთან კონტრაქტის გაფორმება და რუსეთის მოქალაქეობის მიღება, რასაც მოჰყვება ჩემი გაგზავნა ომში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად, ეს კი ჩემთვის სრულიად მიუღებელი და შეურაცხმყოფელია. როგორიც არ უნდა ვიყო, პირველ რიგში უკრაინელი ვარ და ამით ვამაყობ.
მე არ ვარ ერთადერთი უკრაინელი ამ ციხეში, რომლის გადაბირებას ცდილობდნენ, არიან სხვებიც. კონსულმა, რომელიც ჩემთან დეკემბერში იმყოფებოდა მითხრა, რომ აქ ვართ უკრაინის ოთხი მოქალაქე, რომელთა სამშობლოში ექსტრადაციისთვისაც ყველა საბუთი მზად არის, რის დასადასტურებლადაც მე მაქვს წერილის ასლი უკრაინის იუსტიციის სამინისტროდან. ერთი რამ არ მესმის: რატომ მოხდა ისე, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ყველა ქვეყანამ გაუშვა უკრაინელები რუსეთისა და საქართველოს გარდა. და საერთოდ, მეჩვენება, რომ საქართველოში კანონები არ მუშაობს და ხალხს მტკიცებულებების გარეშე ასამართლებენ." ნათქვამია პატიმრის წერილში, რომლის ვინაობასაც არ ვასაჯაროებთ.
როგორც ირკვევა, ის არ არის ქუთაისის ციხეში ერთადერთი უკრაინელი პატიმარი, რომლის გადაბირებასაც ცდილობდნენ. მობილიზაცია ციხეებიდან და არმიის კრიმინალებით შევსება პუტინის სისხლიანი ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში - აპრობირებული მეთოდია. კრემლი უკვე თვეებია ასე ცდილობს განახევრებული არმიის შევსებას.
მეტიც რუსეთის დუმამ უკვე დააინიცირა კანონპროექტი რომლის მიხედვითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ვისაც კრიმინალური წარსული აქვთ, ან პატიმრები არიან, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობის შესაძლებლობა მიეცემათ. უკრაინული დაზვერვა ადასტურებს რომ ამ მიმართულებით ეფ-ეს-ბე აფრიკის ქვეყნებსა და ჩინეთთან აქტიურად მუშაობს.