სოხუმში, სამხატვრო გალერეაში ხანძარი იყო - განადგურდა ათასობით ნახატი
"ეს გამოუსწორებელი დანაკლისია" - სოხუმში, სამხატვრო გალერეაში ხანძარი იყო, განადგურდა ათასობით ნახატი
სოხუმში, სამხატვრო გალერეაში, ცენტრალური საგამოფენო დარბაზის შენობაში გვიან ღამით ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის "საგანგებო სიტუაციების სამსახური" ავრცელებს.
ხანძარი ადგილობრივი დროით დაახლოებით, 04:00 საათზე გაჩნდა. ხანძრის ჩაქრობაში 10-ზე მეტი სახანძრო ბრიგადა იყო ჩართული, 07:00 საათისთვის ცეცხლი ლოკალიზებული იყო.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა აღკვეთეს ცეცხლის გავრცელება მიმდებარე შენობებზე, მათ შორის ახლომდებარე აფხაზურ და რუსულ თეატრებზე. როგორც მედია წერს, ხანძრის შედეგად ათასობით ნახატი განადგურდა.
ნაციონალურ გალერეას გამოუსწორებელი ზიანი მიადგა, დავდივარ და ვტირი, საშინელებაა. მეხანძრეების თქმით, ცეცხლი შენობის სახურავიდან გაჩნდა. როგორც ჩანს, ელექტროსადენებში მოკლე ჩართვა იყო. ყველა ნახატი დაიწვა. ეს ჩვენთვის გამოუსწორებელი ზიანია, - ამბობს ეროვნული სამხატვრო გალერეის დირექტორი სურამ საქანია.
ამ დროისათვის ცენტრალური საგამოფენო დარბაზის შენობაში ხანძარი ლოკალიზებულია.