რუსებმა ქალაქი კრამატორსკი დაბომბეს, არის მსხვერპლი
რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი კრამატორსკი დაბომბეს, რის შედეგადაც ერთი მამაკაცი დაიღუპა და მისი შვილი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვადიმ ფილაშკინზე დაყრდნობით ავრცელებს.
„რუსებმა ქალაქი დაბომბეს, ვადგენთ გამოყენებული იარაღის ტიპს. 49 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მისი 31 წლის ქალიშვილი დაშავდა“, – აღნიშნა ფილაშკინმა.
მისი თქმით, დონეცკის რეგიონის ის ქალაქებიც კი, რომლებიც ფრონტიდან შედარებით შორს არიან, სახიფათოა და მან მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა.
ამასთან, უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთში MiG-31K ტიპის გამანადგურებლის აფრენის გამო, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა.
„ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის სავასლეიკას აეროდრომიდან MiG-31K-ს აფრენა დაფიქსირდა. ნუ უგულებელყოფთ საჰაერო განგაშის სიგნალს“, – აღნიშნულია უკრაინის საჰაერო ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.