დიღმის მასივში ინსპექციამ გარემოვაჭრეებს ტერიტორია დაატოვებინა
დიღმის მასივში გარემოვაჭრეებს ტერიტორია იძულებით დაატოვებინეს. ხმაური იყო მაიაკოვსკის ძეგლის მიმდებარედ. გავრცელებულ ვიდეო კადრებში ჩანს, რომ მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებს გარემოვაჭრეები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
"ნახეთ ძმაო, ჩემი დედაა. დედას მიკლავენ ეს ნაგვები. 5 ლარის მწვანილი აქვს ქალს, ქუჩაში დგას, ამას რომ რამეს წაართმევენ... ვის უნდა მისცენ რამე? უსახლკარო ხალხია, უსახლკარო ხალხი ვართ, ქირიდან ქირამდე ვცხოვრობთ, ლუკმა პურს ძლივს ვჭამთ. ნახე, რა დღეში არიან...", - ამბობს ერთ-ერთი გარემოვაჭრის შვილი.
ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამაც, სადაც ვკითხულობთ, რომ მეტროსადგურ "ახმეტელის" მიმდებარე ტერიტორიიდან, აღმაშენებლის ხეივნიდან და რობაქიძის გამზირიდან გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები გაიტანეს.
"თბილისის მუნიციპალური ინსპექციის მიერ ინტენსიურად ხორციელდება ქალაქში უსახური, უკანონო კონსტრუქციების დემონტაჟი და გარე ვაჭრობის აღკვეთა. სამსახური უზრუნველყოფს ყველა მსგავსი ფაქტის აღკვეთას და შესაბამის რეაგირებას", - წერია განცხადებაში.