პოლონეთში არავის ეპარება ეჭვი, რომ უკრაინას მხარი უნდა დავუჭიროთ - დონალდ ტუსკი
პოლონეთში არავის ეპარება ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინის მხარდაჭერა აუცილებელია, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა კიევში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ზელენსკისთან შეხვედრაზე პოლონეთ-უკრაინის ურთიერთობები განიხილეს.
„პოლონეთში არავის ეპარება ეჭვი ერთ რამეში: ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას, რადგან სასწორზე ჩვენი უსაფრთხოება დევ“, - განაცხადა პოლონეთის მთავრობის მეთაურმა.
მისი თქმით, უკრაინა ომში მარტო არ არის.
„თქვენ მარტო არ ხართ, ეს ბრძოლა ღირებულებების დასაცავად მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს“, - აღნიშნა ტუსკმა.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ სჯერა პრეზიდენტ ზელენსკის მისიის, რომელიც ევროპასა და უკრაინაში მშვიდობის დამყარებას ითვალისწინებს.
„დღეს მსოფლიოში არ არსებობს ზელენსკიზე უფრო ავტორიტეტული პოლიტიკოსი, რომელიც მშვიდობისთვის იმუშავებდა“, - თქვა ტუსკმა.
დონალდ ტუსკი კიევში დღეს ჩავიდა. პოლონეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის ინფორმაციით, კიევში ჩასულმა ტუსკმა განაცხადა, რომ უკრაინა-პოლონეთის ურთიერთობებში ინტერესთა კონფლიქტია, მაგრამ ეს პრობლემები რაც შეიძლება მალე უნდა მოგვარდეს.