ეკვადორის პოლიციამ 68 ბანდიტი დააკავა, რომლებიც საავადმყოფოში შეიჭრნენ
ეკვადორის უსაფრთხოების ძალებმა 68 ბანდიტი დააკავა, რომლებიც გუაიასის პროვინციაში საავადმყოფოში შეიჭრნენ.
პოლიციის ინფორმაციით, კრიმინალებმა იმ შენობის აღება სცადეს, რომელშიც მათი ბანდის ერთ-ერთ წევრს მკურნალობა უტარდებოდა, რათა მოწინააღმდეგეების შესაძლო თავდასხმებისგან დაეცვათ.
აღნიშნული პაციენტი საავადმყოფოში ცეცხლსასროლი იარაღის ჭრილობებით მივიდა და, როგორც უახლესი ინფორმაციით ირკვევა, დაზიანებებისგან გარდაიცვალა.
ამ პიროვნების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. ამასთან, ასევე უცნობია, თუ რომელმა ბანდამ მოაწყო თავდასხმა.
საავადმყოფოში წესრიგის აღდგენის შემდეგ პოლიციამ ადგილობრივ "რეაბილიტაციის ცენტრში" რეიდი ჩაატარა. თანამდებობის პირების თქმით, ამ ნარკომანიის რეაბილიტაციის ცენტრს კრიმინალები სინამდვილეში უკანონო ოპერაციების შტაბად და და ბორდელად იყენებდნენ.
ქვეყანაში არეულობა 8 იანვარს, მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის "მთავარი ძებნილი", კრიმინალური დაჯგუფება Los Choneros-ის ლიდერი, გენერალი ხოსე ადოლფო მასიასი ციხიდან გაიქცა. მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე საიდუმლოდ რჩება.
მომდევნო დღეებში აღნიშნულ ფაქტს ქვეყნის მასშტაბით ეკვადორის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძალადობრივი კვირა მოჰყვა. ბანდების წევრებმა ციხეებში აიყვანეს მძევლები, ქალაქებში დაწვეს შენობები და თავს დაესხნენ უსაფრთხოების ძალებს. 9 იანვარს შეიჭრნენ ტელევიზიის პირდაპირ ეთერში და წამყვანები და ოპერატორები მძევლებად აიყვანეს.
საპასუხოდ, პრეზიდენტმა დანიელ ნობოამ "საშინაო შეიარაღებული კონფლიქტი" გამოაცხადა და პოლიციას მისცა ბრძანება, გაენეიტრალებინათ კრიმინალური ჯგუფები, რომლებმაც ქვეყანაში არეულობა წამოიწყეს.
13 იანვარს ეკვადორის ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ციხეებში კრიმინალური ბანდების წევრების მიერ მძევლად აყვანილი ყველა პირი - 158 ზედამხედველი და კიდევ 20 თანამშრომელი გაათავისუფლეს.
14 იანვარს პოლიციამ და სამხედროებმა ციხეებში წესრიგის აღდგენა დაიწყეს.
17 იანვარს პროკურორი სეზარ სუარესი მოკლეს, რომელიც გასულ კვირას კრიმინალური ბანდების მიერ ტელევიზიაზე განხორციელებულ თავდასხმას იძიებდა.